
გაჩეჩილაძემ, გამყრელიძემ და სარიშვილმა კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა
5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში უკვე მიიღეს მონაწილეობა ცხრა ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ, ახალი მემარჯვენეების კანდიდატმა დავით გამყრელიძემ და დამოუკიდებელმა კანდიდატმა ირინა სარიშვილმა.
”განწყობა არის ძალიან კარგი, ბრძოლისუნარიანი და მე ხმა მივეცი: საქართველოს უპირველეს ყოვლისა,”- განუცხადა ლევან გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს საარჩევნო უბანში. ”საქართველო უპირველეს ყოვლისა” – მისი საარჩევნო კამპანიის მთავარი ლოზუნგი იყო.
დავით გამყრელიძე საარჩევნო ყუთთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: ”იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს”.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა არჩევნებზე დაფიქსირებულ ”ძალიან ბევრ” დარღვევაზე, თუმცა იქვე დასძინა: ”მე ნაკლებად მინდა დღეს დარღვევებზე ვილაპარაკო, მე წარმატებებზე მირჩევნია ვისაუბრო”.
ირინა სარიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ ”საქართველოსთვის სწორი გადაწყვეტილება” მიიღო.
”იმედი მაქვს, რომ ხალხი გაიმარჯვებს და სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება. თუ არ იქნება, მერე იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება,”- განუცხადა ჟურნალისტებს სარიშვილმა და იქვე კიდევ ერთხელ გამოთქვა წუხილი, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო საერთო კანდიდატზე შეთანხმება.