ახალი ამბები

სააკაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა

კენჭისყრაში მონაწილეობის შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატმა მმართველი პარტიიდან მიხეილ სააკაშვილმა ამომრჩეველს აქტიურობისაკენ მოუწოდა.


”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა მისცეს ხმა, საქართველოს ბედი წყდება დღეს. საქართველოს ბედი არის ჩემს ხელში ე.ი თითოეული ჩვენი მოქალაქის ხელში,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”თუ ჩვენი მოქალაქეები იქნებიან აქტიურები, საქართველოს მომავალს არაფერი აღარ დაემუქრება. ჩვენ მთელს მსოფლიოს დავანახებთ და რაც მთავარია, ჩვენი მომავალი თაობები გვეტყვიან მადლობას იმისათვის, რომ დღეს არ დავრჩეთ სახლში, მიუხედავად უამინდობისა. დღეს წყდება არა სააკაშვილის ბედი, დღეს წყდება საქართველო შედგება თუ არა, საქართველო დადგება თუ არა ფეხზე, თუ საქართველო დაბრუნდება იქ. საიდანაც ძლივს ამოვძვერით. დღეს უკვე ყოყმანის დრო აღარ არის. დღეს არის ერთიანობის დროს. ჩვენ ყველამ ჩვენი განსხვავებები უნდა გადავდოთ გვერდზე და ყველამ ვთქვათ: როგორც არასდროს ჩვენ გვჭირდება ერთობა,  როგორც არასდროს ჩვენ გვჭირდება ერთად დგომა, როგორც არასდროს ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე, ორგანიზებულობა და აქტიურობა.  საქართველომ, ჩვენმა საზოგადოებამ ბევრჯერ დაამტკიცა, რომ აქვს ღირსება, აქვს ზუსტი გრძნობა იმისა რა არის ჩვენი მომავალი და მე ვფიქრობ, ახლაც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება ყველას ამას დაანახებს”.


მან საუბარი განაგრძო ქართული მხარის ბრალდებებთან დაკავშირებით, რომ გალში მცხოვრები ქართველები აფხაზური ადმინისტრაციისაგან განიცდიან ზეწოლას, რათა მათ ვერ შეძლონ ზუგდიდში გადმოსვლა და საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა.


”დღეს გალიდან არ უშვებენ ჩვენ მოქალაქეებს ენგურზე მისათვის, რომ მისცენ ხმა. მე მინდა ვთხოვო ყველას ვინც არის ენგურს აქეთ: იმისათვის, რომ ენგურმა აღარასოდეს აღარ გაყოს საქართველო, იმისათვის რომ ვერასდროს ვეღარ დაგვაბრუნონ უბედურებაში, არეულობაში, ძალადობაში, იმისათვის, რომ საქართველო იყოს ერთიანი, ბევრად მეტად ვიაქტიუროთ ასევე ენგურის აქეთ მხარეს იმიტომ რომ ეს იქნება ასევე ჩვენი ხელგაწვდილი ხელი ენგურის იქით დარჩენილი ჩვენი თანამემამულეებისათვის. მათ არ უშვებენ და ჩვენ მივიდეთ და მათ ნაცვლადაც ყველამ ერთად მივცეთ ხმა. ნურავის ნუ ვათქმევინებთ, რომ სეპარატისტებმა და მათ მფარველებმა აისრულეს თავის წადილი იმით, რომ არ გამოუშვეს  აქეთ ჩვენი მოქალაქეები… დღეს საქართველოში მცხოვრებ ქართველებს შეჰყურებს მილიონობით ქართველი უცხოეთში, დღეს საქართველოში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს იმედის თვალით უყურებს გალში დარჩენილი ჩვენი მოსახლეობა ყველამ ერთად უნდა ვიაქტიუროთ თუნდაც იმის გამო, რომ ამ ხალხის ნაცვლადაც ჩვენი ხმა გამოვხატოთ იმისათვის, რომ მათ იგრძნონ, რომ ჩვენ გავერთიანდებით, ჩვენ ერთნი ვართ და ჩვენ ვერავინ ვერ დაგვამარცხებს,”- განაცხადა სააკაშვილმა.


მან საპარლამენტო არჩევნების თარიღზე მიმდინარე პლებისციტთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება.


”რაც შეეხება პლებისციტს საპარლამენტო არჩევნების შესახებ, ჩვენი პოზიცია იყო, რომ ადრე, კონსტიტუციით, გვქონდა ერთად საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები [2008 წლის ბოლოს]. ვინაიდან საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება ახლა, ჩვენ მზად ვართ საპარლამენტო არჩევნები ჩავატაროთ ნებისმიერ პერიოდში. ჩვენ მზად ვართ საპარლამენტო არჩევნებისთვის ნებისმიერ პერიოდში. ამიტომ, ეს არის საქართველოს, ქართველი ხალხის გადასაწყვეტი,” – განაცხადა სააკაშვილმა.


 



 

Back to top button