
ნათელაშვილმა და მაისაშვილმა არჩევანი უკვე გააკეთეს
პრეზიდენტობის ორმა კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა და გია მაისაშვილმა უკვე გააკეთეს თავიანთი არჩევანი 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე.
”მე მოვუწოდებ მოსახლეობას მოვიდნენ საარჩევნო უბნებში და გააკეთოთ შესაბამისი არჩევანი. მე მზად ვარ გადავარჩინო ჩვენი სამშობლო ძალიან მოკლე ვადებში, რათა ერთად გავიდეთ განვითარების იმ ღირსეულ მაგისტრალზე, რომელიც ჩვენ გვეკუთვნოდა, გვეკუთვნის, მაგრამ იქ მოძრაობა აღგვიკვეთა ზოგიერთმა,” – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა. .
”თქვენ ახლა ესაუბრებით საქართველოს მომავალ პრეზიდენტს,” – განუცხადა გიორგი მაისაშვილმა ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ, ”ხმა მივეცი საქართველოს მომავალ პრეზიდენტს, გიორგი მაისაშვილს. დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში… დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე – ქართველებო, მობრძანდით არჩევნებზე იმიტომ, რომ თქვენი ბედი წყდება დღეს”.
დღევანდელ არჩევნებში ასევე გააკეთა თავისი არჩევანი ექს-პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ. ”მე ვისაც მივეცი ხმა, ის კანდიდატი გაიმარჯვებს,” – განაცხადა მან ხმის მიცემის შემდეგ.