Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

შუადღისთვის არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, განაცხადეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა.


რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებისა და პლებისციტისთვის საქართველოს მასშტაბით ყველა – 3 512  – საარჩევნო უბანი ღიაა, გარდა ერთისა შატილში, განაცხადა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო). დიდთოვლობის გამო შატილში, სადაც 130 რეგისტრირებული ამომრჩეველია, არჩევნები ჩაიშალა.


სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების განცხადებით, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე მცირე ტექნიკური პრობლემები დაფიქსირდა, რაც ძირითადად საარჩევნო უბნების ზუსტად დილის 8 საათზე გახსნას უკავშირდებოდა. სამართლიანი არჩევნების თქმით, მისი დამკვირვებლები თავდაპირველად არ შეუშვეს ათ საარჩევნო უბანზე; თუმცა, მოგვიანებით პრობლემა მოგვარდა.  


მეორე სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ”ახალი თაობა – ახალი ინიციატივა” განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად არჩევნები ნორმალურად მიმდინარეობს, მაინც დაფიქსირდა ”სერიოზული დარღვევების” რამდენიმე შემთხვევა თბილისის ზოგიერთ უბანში.


ოპოზიციურმა ლეიბორისტულმა პარტიამ და ახალმა მემარჯვენეებმა უკვე გამოთქვეს პრეტენზიები იმასთან დაკავშირებით, რომ მისი დამკვირვებლები საარჩევნო უბნებში არ შეუშვეს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის სოფლებში, მათ შორის ნულში, ავნევში და დვანში. ოპოზიციურმა პარტიებმა ასევე განაცხადეს, რომ მათი წარმომადგენლები ”გამოაძევეს” წალკის სამი საარჩევნო უბნიდან. თუმცა, ცესკო-ს სპიკერმა ირაკლი ფორჩხიძემ განაცხადა, რომ ამ ინფორმაციის დადასტურება ჯერ ვერ მოხერხდა. 


ამასობაში, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა. ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც საქართველოში არ იმყოფება, ხმას ლონდონში საქართველოში საელჩოში მისცემს. ამის შესახებ მისი საარჩევნო შტაბი იტყობინება.


ცხრა ოპოზიციური პარტიის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან ხმა მისცა ”საქართველოს უპირველეს ყოვლისა”. ეს მისი წინასაარჩევნო დევიზია. ”განწყობა არის კარგი, ბრძოლისუნარიანი,” – განაცხადა მან.


დავით გამყრელიძე საარჩევნო ყუთთან მოკლე კომენტარით შემოიფარგლა: ”იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს”.


მან ასევე ყურადღება გაამახვილა არჩევნებზე დაფიქსირებულ ”ძალიან ბევრ” დარღვევაზე, თუმცა იქვე დასძინა: ”მე ნაკლებად მინდა დღეს დარღვევებზე ვილაპარაკო, მე წარმატებებზე მირჩევნია ვისაუბრო”.


ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა. ”მზად ვარ გადავარჩინო ჩვენი ქვეყანა ძალიან მოკლე ვადებში,” – განაცხადა მან.


პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა, რომ არა მხოლოდ მისი ბედი, არამედ ”საქართველოს ბედი წყდება დღეს”. მან ასევე მოუწოდა ამომრჩევლებს მივიდნენ საარჩევნო უბნებზე ”ცუდი ამინდის” მიუხედავად.


”მომავლის პარტიის” ლიდერმა გიორგი მაისაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს: ”თქვენ ესაუბრებით მომავალ პრეზიდენტს… დარწმუნებული ვარ გავიმარჯვებ”.


ირინა სარიშვილმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, რომ ”საქართველოსთვის სწორი გადაწყვეტილება” მიიღო.


”იმედი მაქვს, რომ ხალხი გაიმარჯვებს და სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება,”- განუცხადა ჟურნალისტებს სარიშვილმა და იქვე კიდევ ერთხელ გამოთქვა წუხილი, რომ ოპოზიციამ ვერ შეძლო საერთო კანდიდატზე შეთანხმება. 


გარდა ჩვეულებრივი საარჩევნო უბნისა, 73 სპეციალური საარჩევნო უბანია გახსნილი სამხედრო ნაწილებში, მათ შორის სამი ერაყსა (ერთი ბაღდადში და ერთიც ალკუტაში) და კოსოვოში მოსამსახურე ქართველი ჯარისკაცებისთვის; წინასწარი დაკავების ადგილებში და საავადმყოფოებში. 

კენჭიყრის პროცედურა საღამოს 8 საათისთვის დასრულდება.

ზუსტად ამ დროისთვის არის დაგეგმილი ეგზით პოლების შედეგების გამოქვეყნება, რომელსაც  ტელეკომპანიების –  საზოგადოებრივი მაუწყებელი,  ”რუსთავი2”, ”მზე” და აჭარის ტელევიზია – დაკვეთით ოთხი ქართული ორგანიზაცია ახორციელებს: მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) და საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ფონდი (GFSIS). 


ცესკო-ს განცხადებით, პირველადი ოფიციალური წინასწარი შედეგები ღამის 12 საათისთვის გამოქვეყნდება.


მსგავსი/Related

Back to top button