
ბურჯანაძე არჩევნების წინ მოსახლეობას მიმართავს
პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა.
4 იანვარს თავის სატელევიზიო გამოსვლაში ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ამომრჩეველთა მაღალი აქტივობა იქნება ”გარანტი დემოკრატიული არჩევნებისა”.
”მოხარული ვარ, რომ 1 000 საერთაშორისო დამკვირვებელზე მეტი – დამკვირვებელთა უპრეცედენტო რაოდენობა – დააკვირდება არჩევნებს,” – განაცხადა მან, ”ცენტრალური საარჩევნო კომისია და იუსტიციის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ პასუხი გასცენ სულ მცირე დარღვევებსაც კი. ასე რომ, ცხელ ხაზზე აცნობეთ მათ ამგვარი დარღვევების შესახებ”.
”მინდა ვუთხრა საარჩევნო კომისიების წევრებს, ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებს, გუბერნატორებს, პოლიციელებს და პოლიტიკურ პარტიებს ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ უზრუნველყონ თავისუფალი არჩევნების ჩატარება მშვიდ გარემოში და თავიდან აიცილონ პროვოკაციები,”- აღნიშნა მან.
შემდეგ ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საქართველო დემოკრატიის მშენებლობის პროცესშია და ამ გზაზე სირთულეებია მოსალოდნელი. ”არჩევნების შედეგები ყველასთვის მისაღები არ იქნება; იქნებიან მოგებულები და წაგებულები და დემოკრატიის ნამდვილი ნიშანია, როდესაც გამარჯვებულები ზეიმობენ, ხოლო წაგებულები ღირსეულად თმობენ გამარჯვებას,” – განაცხადა ბურჯანაძემ.
”ეს არჩევნები, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრების დასასრულს; ჩვენ არჩევნების შემდეგაც ბევრი საქმე გვაქვს და პოლიტიკური ცხოვრება გაგრძელდება და ძალიან მალე საპარლამენტო არჩევნებიც გვექნება”.
გარდა არჩევნებისა, ამომრჩევნები პლებისციტშიც მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც საპარლამენტო არჩევნების თარიღს ეხება. ამომრჩეველს მოუწევს პასუხი გასცეს კითხვას, სურს თუ არა მას, რომ საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე ჩატარდეს, როგორც ამას ოპოზიცია მოითხოვს, ნაცვლად შემოდგომისა, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს. ხელისუფლება არჩევნების კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადაში ჩატარებას ემხრობა.
ბურჯანაძემ ასევე განუცხადა ამომრჩევლებს, რომ სტაბილურობა და დემოკრატია მნიშვნელოვანია უმუშევრობის დასაძლევად, ”ასე რომ, ეს უნდა გაითვალისწინოთ [ხმის მიცემის დროს]”.