
ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა, გარდა ერთისა შატილში
საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა, გარდა ერთისა შატილში, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა 5 იანვარს.
ეს ერთადერთი საარჩევნო უბანია შატილში, დაახლოებით, 130 რეგისტრირებული ამომრჩევლით.
არჩევნების დღეს, 9 საათზე პირველ პრესკონფერენციაზე საუბრისას თარხნიშვილმა განაცხადა, რომ შატილში საარჩევნო უბნის გახსნა შეუძლებელი გახდა დიდთოვლობის გამო.
”ჯერჯერობით სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები არ დაფიქსირებულა. მხოლოდ მცირე ტექნიკურ პრობლემებს ჰქონდა ადგილი, მათ შორისაა ზოგიერთი საარჩევნო უბნის ცოტა დაგვიანებული გახსნა. თუმცა, ეს პრობლემები უკვე მოგვარდა და ყველა საარჩევნო უბანი, გარდა შატილისა, გახსნილია,” – განაცხადა თარხნიშვილმა, ”ამჟამად, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შატილში საარჩევნო უბანი გავხსნათ”.
სულ საქართველოს მასშტაბით 3 512 საარჩევნო უბანია; გარდა ამისა, 73 სპეციალური საარჩევნო უბანია გახსნილი სამხედრო შენაერთებისთვის, მათ შორის სამი ერაყსა (ერთი ბაღდადში და ერთიც ალკუტაში) და კოსოვოში მოსამსახურე ქართველი ჯარისკაცებისთვის. სპეციალური საარჩევნო უბნები ასევე გახსნილია წინასწარი დაკავების ადგილებში და საავადმყოფოებში.