
პრეზიდენტობის კანდიდატების მეუღლეებს შორის დებატები გაიმართა
მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სატელევიზიო დებატები პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის არ გამართულა, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის პოლიტიკურ თოქშოუ ”პრაიმტაიმში” სამი კანდიდატის მეუღლეებს შორის გუშინ პირდაპირი ტელედებატები შედგა.
დებატებში მონაწილეობა მიიღეს მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ სანდრა რულოვსმა, ახალი მემარჯვენეების ლიდერის დავით გამყრელიძის მეუღლემ, მარინა მადიჩიმ და ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის მეუღლემ ბელა ალანიამ. გადაცემის წამყვანმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ ლევან გაჩეჩილაძის მეუღლემ, ნინო მიქელაძემ უარი თქმა გადაცემაში მონაწილეობაზე.
დებატების დროს კანდიდატების მეუღლეები ძირითადად თავიანთი მეუღლეების პოლიტიკურ პოზიციებს იცავდნენ, რასაც ზოგჯერ მწვავე განცხადებების გაცვლაც სდევდა თან.
ნათელაშვილის მეუღლემ, ბელა ალანიამ განაცხადა, რომ ის არ ურჩევდა თავის მეუღლეს ხელახლა ეყარა კენჭი არჩევნებში მას შემდეგ, რაც 7 ნოემბერს მოხდა. მისი თქმით, ძალაუფლების მოსაპოვებლად – ანუ ”საპრეზიდენტო სკამისთვის” ყველაფერზე წასვლა – არ არის ის, რასაც ის თავის მეუღლეს ურჩევდა.
ყოფილმა პირველმა ლედიმ მაშინვე საპასუხო განცხადება გააკეთა: ”ჩემმა მეუღლემ [მიხეილ სააკაშვილმა] დაადასტურა, რომ ეს არ არის საპრეზიდენტო სკამის გამო; მან მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და ერთი წლით შეამცირა თავისი საპრეზიდენტო ვადა”.
რა თქმა უნდა, განაგრძო მან, სააკაშვილი ერთადერთი კანდიდატია, ვისაც შეუძლია გაუმკლავდეს იმ ”სერიოზულ გამოწვევებს”, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას. ”სააკაშვილს აქვს გამოცდილება, საერთაშორისო რეპუტაცია და შეიძლება, სხვა კანდიდატებიც კარგი პიროვნებები არიან, მაგრამ ქვეყნის მართვა ძალიან რთულია,” – განაცხადა რულოვსმა.
ამასობაში, საუბარში ჩაერთო გამყრელიძის მეუღლე, მარინა მადიჩი: ”საქართველოს ისტორია არ დაწყებულა ამ მთავრობით და არც ამ მთავრობით არ დასრულდება”.
შემდეგ გაგრძელდა ნამდვილი დებატი ალანიას და რულოვსს შორის. ალანიას თქმით, რთულია ქვეყნის მართვა ხელისუფლების დანაწილების რეალური სისტემის გარეშე. ”რა თქმა უნდა, რთულია, როდესაც ერთი ადამიანი განაგებს ყველაფერს – მერიას, პარლამენტს და მთელ მთავრობას,” – განაცხადა მან, ”ძალაუფლება უნდა გადანაწილდეს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის”.
თხოვნაზე აღეწერათ თავიანთი მეუღლეები, რულოვსმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე ”სიტყვის კაცია”; ალანიამ განაცხადა, რომ ნათელაშვილი ”ძალიან პრინციპული და შრომისმოყვარეა”, ხოლო მადიჩიმ განაცხადა, რომ გამყრელიძე ”სამართლიანი და პატიოსანი ადამიანია”.