
თბილისის მერიამ შესაძლოა არ მისცეს ნებართვა ოპოზიციას 6 იანვრის აქციაზე
თბილისი მერიამ შესაძლოა არ დააკმაყოფილოს ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციის განაცხადი 6-დან 12 იანვრამდე რიყედან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მანიფესტაციის მოწყობის მიზნით ნებართვის მიღების თაობაზე. შესაბამისი განაცხადი კოალიციამ მერიაში 3 იანვარს შეიტანა.
თბილისის ვიცე-მერის მამუკა ახვლედიანის განმარტებით, დემონტრაციაზე ნებართვის მისაღებად 5 დღით ადრე უნდა გაკეთდეს განაცხადი. მისი თქმით, ეს ვადა დარღვეულია.
გარდა ამისა, ახვლედიანის განცხადებით, 6 იანვრისთვის უკვე გაცემულია საახალწლო-სადღესასწაულო მანიფესტაციის მოწყობაზე ნებართვა. ამ ღონისძიების ორგანიზატორია მმართველი პარტია – ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც მერიას შესაბამისი განაცხადით 2007 წლის 4 დეკემბერს მიმართა.
”ასევე აღსანიშნავია, რომ 14 იანვრამდე თბილისის მერიას რუსთაველის გამზირსა და თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი აქვს უამრავი საშობაო-საახალწლო ღონისძიება,” – აცხადებს ახვლედიანი.
ამჟამად, პარლამენტის შენობის წინ, სადაც ტრადიციულად იმართება საპროტესტო აქციები, საახალწლო სოფელია მოწყობილი, სადაც ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე და ატრაქციონებია დამონტაჟებული.