ახალი ამბები

ოპოზიციური კოალიცია ეგზით პოლებს უნდობლობას უცხადებს

ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიცია 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაგეგმილ ეგზით პოლებს, რაც შესაძლოა დაძაბულობის ესკალაციის წყარო გახდეს, უნდობლობა უცხადებს და ანალოგიურისკენ მოუწოდებს მოსახლეობასაც.


არჩევნების დღეს ეგზით პოლებს ტელეკომპანიების –  საზოგადოებრივი მაუწყებელი,  ”რუსთავი2”, ”მზე” და აჭარის ტელევიზია – დაკვეთით ოთხი ქართული ორგანიზაცია განახორციელებს: მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი, ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი და საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის ფონდი.


დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რესპუბლიკელმა თინა ხიდაშელმა ორი მიზეზი დაასახელა იმისა, თუ რატომ არ ენდობა კოალიცია ამ ოთხი ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ეგზით პოლს. მისი თქმით, ერთი მიზეზია ის, რომ ამ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციები არ მონაწილეობენ და მეორე არგუმენტია – ამ ორგანიზაციების წარმომადგენელთა ობიექტურობის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.


”მთელს ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებთ ნუ აყვებიან იმ ინფორმაციას[ეგზით პოლებზე], რომელსაც ისინი მიიღებენ ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტელევიზიებიდან. ნუ დაიჯერებენ და ნუ გახდება, ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებასაც, ეს ეგზით პოლები საქართველოში არეულობის გამომწვევი კიდევ ერთი მიზეზი”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციური კოალიცია უნდობლობას უცხადებს უკრაინაში დაფუძნებული ორგანიზაციის ”საერთო ევროპული საქმისთვის” მიერ დაგეგმილ ეგზით პოლსაც. დეტალური ინფორმაცია ამ ორგანიზაციის შესახებ არ არსებობს, რადგანაც მისი წარმომადგენლები უარს ამბობენ ადგილობრივი პარტნიორების ან დამკვეთების დასახელებაზე.


”ჩვენ ვაცხადებთ, რომ წინააღმდეგი ვართ ქართულ მედია სივრცეში 5 იანვარს ეგზით პოლების გამოქვეყნების. არ აქვს ამას არავითარი მნიშვნელობა, თუ ვისგან იქნება ის”, – აცხადებს ხიდაშელი.

Back to top button