მემარჯვენეები პატარკაციშვილის პოზიციის ცვლილებას ”დამაბნეველს” უწოდებენ
ახალი მემარჯვენეები, რომელთა კანდიდატი 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე დავით გამყრელიძეა, აცხადებენ, რომ ”დამაბნეველი და პასუხისმგებლობას მოკლებულია” კონკურენტი კანდიდატის, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის გადაწყვეტილება დარჩეს საპრეზიდენტო მარათონში.
პატარკაციშვილმა კანდიდატურის მოხსნა, რაზეც მან 27 დეკემბერს გააკეთა განცხადება, არჩევნებამდე ორი დღით ადრე გადაიფიქრა და განაცხადა, რომ აგრძელებს ბრძოლას პრეზიდენტის პოსტის დასაკავებლად.
”მიმაჩნია, რომ დამაბნეველი და პასუხისმგებლობას მოკლებულია პოზიციების ასეთი მყისიერი ცვლილებები,”- განუცხადა Civil.ge-ს დეპუტატმა მამუკა კაციტაძემ ახალი მემარჯვენეებიდან, ”ცოტა სერიოზულობას კარგავს ამ ტიპის განცხადებები, რომელიც ამ სიხშირით, თანმიმდევრობით და ასეთი კონტრასტებით კეთდება”.
კაციტაძის შეფასებით, ბოლო პერიოდში პატრაკაციშვილის პოლიტიკაში ”აქტიური ფორმალური შემობიჯება” გარკვეული ”შეცდომებით” გამოირჩევა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)