ახალი ამბები

ცესკო-მ არ გაიზიარა საია-ს პრეტენზიები კახეთის გუბერნატორის მიმართ

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არ დააკმაყოფილა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) მიერ კახეთის რეგიონის გუბერნატორის გია ნაცვლიშვილის წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი იმის თაობაზე, რომ რწმუნებული 10 დეკემბერს სამუშაო საათებში ჩართული იყო  პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სააკაშვილის სასარგებლოდ აგიტაციაში.


საარჩევნო კოდექსის თანახმად, საჯარო მოხელეებს, როდესაც ისინი ასრულებენ თანამდებობრივ და სამსახურებრივ მოვალეობებს, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღების უფლება არა აქვთ, განსხვავებით პოლიტიკური თანამდებობის პირებისაგან.

ცესკო-ს თავმჯდომარის ლევან თარხნიშვილის განმარტებით, გია ნაცვლიშვილი მაშინ, როცა პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი კახეთს სტუმრობდა, ”არ ასრულებდა უშუალო სამსახურეობრივ მოვალეობას” და ამის გამო მას კანონმდებლობის დარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება.

ნაცვლიშვილის წინააღმდეგ სარჩელს საია სასამართლოში შეიტანს იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის გუბერნატორების საქმეების მსგავსად, რომელთაც სააკაშვილის აგიტაციაში უკანონო მონაწილეობის პრეტენზიებს ასევე უყენებენ ახალგაზრდა იურისტები.

Back to top button