
უცხოელი დიპლომატები თავისუფალი არჩევნებისკენ მოუწოდებენ
5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მომუშავე ელჩების სამუშაო ჯგუფი მოუწოდებს ყველა მხარეს ”უზრუნველყონ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ასევე ისეთი გარემო, სადაც არ იქნება დაშინება, სადაც საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ მთლიანად გამოიყენონ ხმის მიცემის კონსტიტუციური უფლება”.
სამუშაო ჯგუფს საქართველოში ეუთოს და გაეროს მისიები თანათავმჯდომარეობენ; მასში შედიან ევროპის საბჭოს, ევროკომისიის, ევროკავშირის და ეუთოს წევრი სახელმწიფოების საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატები.
”ვადასტურებთ რა მხარდაჭერას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობის მიმართ, ასევე ხაზს ვუსვამთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ გამოხატოს ერთგულება არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების მიმართ ამ მისიების მუშაობის შედეგებისა და რეკომენდაციების დროული გათვალისწინების გზით,” – განაცხადა ჯგუფმა 31 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ (OSCE/ODIHR) თავის მეორე შუალედურ მოხსენებაში განაცხადა, რომ საარჩევნო კამპანიის ატმოსფერო გაამწვავა იმ განცხადებებმა, რომლებიც ეხება ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ საბიუჯეტო სახსრებს გამოყენებას, კანდიდატებისთვის არათანაბარ პირობებს, დაშინებას და ამომრჩეველთა მოსყიდვას.
”OSCE/ODIHR-მა პირველ წყაროდან მიიღო ინფორმაცია, რომელიც იმაზე მიანიშნებს, რომ ზოგიერთი ეს პრეტენზია საფუძვლიანია,” – ნათქვამია მოხსენებაში, რომელიც 14-24 დეკემბრის პერიოდს მოიცავს.