
პატარკაციშვილის შტაბი ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორებაზე საუბრობს
ბიზნესმენის და ჯერ ისევ პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორების ფაქტებზე საუბრობს და საერთაშორისო საზოგადოებას ამ ”ძალადობის” აღკვეთისაკენ მოუწოდებს.
29 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც შეთქმულების მოწყობის თაობაზე ბადრი პატარკაციშვილზე აუდიო და ვიდეო ჩანაწერები გავრცელდა, ხელისუფლება ემზადება პატარკაციშვილის მომხრეების მასობრივი დაპატიმრებებისთვის – აქტივისტებს მთელი საქართველოს მასშტაბით შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში ყოველდღიურად იბარებენ და ასევე მზადდება ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალების ჩადება პატარკაციშვილის მხარდამჭერების ოფისებსა და სახლებში.
”დაბეჯითებით ვაცხადებთ, რომ პატარკაციშვილის მხარდამჭერები არ ემზადებიან არანაირი ამბოხისათვის, არ ემზადებიან 6 იანვრისათვის,”- ნათქვამია განცხადებაში, ”ამასთან გამოვთქვამთ მზადყოფნას დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების თანდასწრებით დათვალიერდეს ყველა მხარდამჭერის შტაბები და საცხოვრებელი ბინები, რათა გაიფანტოს ხელისუფლების მითი ვითომდა სახელმწიფო გადატრიალების შესახებ”.
პატარკაციშვილის შტაბში აცხადებენ, რომ ხელისუფლება საგანგებოდ ქმნის ფონს პატარკაციშვილის მომხრეების წინააღმდეგ რეპრესიების დასაწყებად. მათ ამის მაგალითად ”რუსთავი 2”-ის საკვირაო გადაცემა P.S-ის დღევანდელი გამოშვება მოჰყავთ, რომლიც ანონსის თანახმად, რამდენიმე სიუჟეტი პატარკაციშვილის მიერ სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვის სქემას ეძღვნება.