
გაჩეჩილაძე სააკაშვილს დებატებში იწვევს
პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძე, რომელსაც ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიცია უჭერს მხარს, კონკურენტს ”ნაციონალური მოძრაობიდან”, მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს მიიღოს მონაწილეობა დებატებში და უზრუნველყოს თავისუფალი არჩევნების ჩატარება.
მიხეილ სააკაშვილმა 27 დეკემბერს ”რუსთავი 2”-ის პოლიტიკურ თოქშოუში ოპოზიციური კოალიციის მიმართ შემრიგებლური განაცხადი გააკეთა და ოპონენტებს ერთიანობისკენ მოუწოდა.
”თუ შერიგება გინდა და არ გეშინია, მოდი კაცურად დავილაპარაკოთ, მობრძანდი დებატებზე, სადაც გინდა და როგორც გინდა, თავი დაანებე ძალადობას და შეასრულე ის მოთხოვნები, რაც უზურნველყოფს დამოუკიდებელი, თავისუფალი არჩევნების ჩატარებას ამ ქვეყანაში”, – განაცხადა სააკაშვილის მისამართით 28 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ლევან გაჩეჩილაძემ.
მისი თქმით, სამართლიანი არჩევნების წინაპირობაა სახელისუფლებო გუნდმა უარი თქვას ”გაყალბებულ” სოციოლოგიურ კვლევებზე და ეგზით პოლებზე და ასევე სატელევიზიო ეთერი გათავისუფლდეს ”ძალადობისა და სიბინძურისგან”.