ახალი ამბები

ხელისუფლება ოპოზიციურ კოალიციას პატარკაციშვილის გამო უტევს

ბადრი პატარკაციშვილის გარშემო ატეხილი სკანდალის გამოყენების მიზნით, ხელისუფლებამ აქცენტი გააკეთა ოპოზიციური კოალიციის და მისი საპრეზიდენტო კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის ადრინდელ კავშირებზე ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილთან, რომელმაც 27 დეკემბერს განაცხადა, რომ ის ეთიშება საპრეზიდენტო მარათონს.


”მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალა იყო, რომელიც ღიად აცხადებდა, რომ ის პოლიტიკურ კონსულტაციებს ატარებდა პატარკაციშვილთან და საზოგადოებამ იცის ამის შესახებ, რადგანაც ეს ღიად ითქვა; ეს ძალაა გაჩეჩილაძის გუნდი,” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა 27 დეკემბერს ”რუსთავი 2”-ზე პოლიტიკურ თოქშოუში საუბრისას.


მან გაიხსენა ლევან გაჩეჩილაძის და მისი მოკავშირეების მიერ პატარკაციშვილის შესახებ გაკეთებული ბოლო განცხადებები.


”რამდენიმე დღის წინ გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ის გამოიყენებს პატარკაციშვილის ფინანსებს [არჩევის შემთხვევაში] დაცარიელებული ხაზინის შესავსებად. შემდეგ პოზიცია შეიცვალა და უკვე ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს ვინ არის ბადრი პატარკაციშვილი და რა თამაშებს აწარმოებს ის. დღეს უკვე ისეთი პოზიციაა, რომ ეს არის თურმე ხელისუფლებასა და ბადრი პატარკაციშვილის შორის წარმოებული ”ბინძური თამაში”. მაგრამ მე მაშფოთებს ასეთი აზრთა სხვადასხვაობა თავად ამ ჯგუფში, რადგანაც ბატონი გოგა ხაინდრავა ღიად აცხადებს, რომ ბადრი პატარკაციშვილი იყო, არის და იქნება მისი მეგობარი,” – განაცხადა ტყეშელაშვილმა.


ლევან გაჩეჩილაძემ 27 დეკემბერს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი და ბადრი პატარკაციშვილი ”ბინძურ თამაშებს” თამაშობენ, რათა ”დაასამარონ არჩევნები და თავისუფალი მედიის დისკრედიტაცია მოახდინონ”.


გაჩეჩილაძემ პირველად გააკეთა ეს განცხადება მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები გამოქვეყნა, რომელთა მიხედვითაც პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებას გეგმავდა.


26 დეკემბერს რეპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა კოალიციის სახელით განაცხადა, რომ კოალიცია გმობს იმ უკანონო მეთოდებს, რომელთაც იყენებს როგორც ხელისუფლება, ისე ”სხვა ძალები”. იგი, სავარაუდოდ, ბადრი პატარკაციშვილს გულისხმობდა. ”ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო არც ერთ ამ ძალასთან,” – განაცხადა მან.


24 დეკემბერს საღამოს ”რუსთავი 2”-ის პოლიტიკურ თოქშოუში საუბრისას ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ იგი პადრი პატარკაციშვილის ფულს გამოიყენებდა ”დაცარიელებული ხაზინის” შესავსებად.


დეკემბრის დასაწყისში რამდენიმე პოლიტიკოსი კოალიციიდან ლონდონს ესტუმრა, სადაც ისინი პატარკაციშვილს შეხვდნენ. ”ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ჩატარდეს თავისუფალი და გამჭირვალე არჩევნები და მოხდეს ჩვენი კამპანიების კოორდინაცია,” – განაცხადა უსუფაშვილმა, რომელიც ასევე შეხვდა პატარკაციშვილს ლონდონში, 8 დეკემბერს.


27 დეკემბერს ოპოზიციურმა კოალიციამ განაცხადა, რომ ერთადერთი საკითხი, რომელიც მათ პატარკაციშვილთან განიხილეს, იყო ის, რომ დაერწმუნებინათ იგი მოეხსნა თავისი საპრეზიდენტო კანდიდატურა.
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button