ახალი ამბები

პატარკაციშვილი საპრეზიდენტო მარათონს ეთიშება

ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ მზადაა შეწყვიტოს წინასაარჩევნო კამპანია და მიმართოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურის მოხსნის თაობაზე.


”დღეს ოპოზიციის ლიდერებმა ფაქტიურად მოითხოვეს ჩემგან და სააკაშვილისგან, უარი განვაცხადოთ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე,”- ნათქვამია პატარკაციშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ”მე ვიზიარებ მათ მოწოდებას”.


”მე არ მიჭირს ამ გადაწყვეტილების მიღება, რადგანაც არასდროს დამიყენებია საკუთარი ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. მადლობას ვუხდი ყველას ვისაც სჯეროდა და სჯერა ჩემი, ისინი გაწბილებული არ დარჩებიან, მე ძალაში ვტოვებ ყველა იმ ძირითად დაპირებას, რომელიც ქართველ ხალხს მივეცი,”- აცხადებს პატარკაციშვილი.


27 დეკემბერს ოპოზიციური კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი და ბადრი პატარკაციშვილი ორივე ”ბინძურ თამაშს” თამაშობენ, რათა ”დაასამარონ არჩევნები და  მედიის დისკრედიტაცია” მოახდინონ. 


ერთი დღით ადრე, 26 დეკემბერს კი ტელეკომპანია ”იმედის” ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ არხი დროებით წყვეტს მაუწყებლობას, რათა გაემიჯნოს ”ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს” ტელეკომპანიის მფლობელის ბადრი პატარკაციშვილის და ხელისუფლების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. ამ განცხადების გაკეთებამდე ტელეკომპანია ათობით წამყვანმა ჟურნალისტმა დატოვა.


ყველა ამ მოვლენას წინ უძღოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ მაკომპომეტირებელი ვიდეო და აუდიო მასალის გამოქვეყნება, რომლის თანახმადაც ბადრი პატარკაციშვილი და მისი მოკავშირეები ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებას ამზადებდნენ. აუდიო ჩანაწერში პატარკაციშვილი 100 მილიონ აშშ დოლარს სთავაზობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანს, ერეკლე კოდუას მასთან თანამშრომლობის, მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის ”ნეიტრალიზების” საქმეში დახმარების სანაცვლოდ.    

27 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ბიზნესმენი ასევე აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც სურს გახდეს უმაღლესი ხელისუფალი, საზოგადოებისთვის უნდა იყოს ”უმწიკვლო რეპუტაციის მქონე”.


”მე მინდოდა გადამეხადა ფული იმაში, რომ ხელისუფლებას ჩემი ხალხისთვის არ ესროლა, ხოლო ისინი კი ფულის გადახდას ჩემს მოკვლაში აპირებდნენ,”- აღნიშნავს პატარკაციშვილი. იგი იმ აუდიო ჩანაწერს გულისხმობდა, რომელშიც სავარაუდოდ შსს-ს თანამშრომელი ჩეჩენ მებრძოლთან პატარკაციშვილის ლიკვიდაციის გეგმას განიხილავდა.   


პატარკაციშვილი არ აკონკრეტებს, თუ პრეზიდენტობის რომელი კანდიდატის სასარგებლოდ ხსნის კანდიდატურას. მისი პრესსამსახურის განცხადებით, მოგვიანებით პატარკაციშვილის ვიდეო-მიმართვაც გავრცელდება.  

მსგავსი/Related

Back to top button