ახალი ამბები

ოპოზიციური კოალიციის წარმომადგენლები აშშ-ს ელჩს შეხვდნენ

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა განიხილეს დღეს აშშ-ს ელჩთან ჯონ ტეფტთან შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს გზის ლიდერმა და თინა ხიდაშელმა რესპუბლიკელებიდან, რომლებიც ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციას წარმოადგენენ.


ზურაბიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრი პატარკაციშვილისა და ხელისუფლების მხრიდან ერთმანეთის საწინააღმდეგოდ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებს.


”ნებისმიერ ცივილიზებულ დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი კომპრომატებით არ ტარდება წინასაარჩევნო კამპანია,”- განაცხადა ზურაბიშვილმა.


ჯონ ტეფტმა თავი შეიკავა შეხვედრის დეტალებზე საუბრისაგან.


”მე და ჩემი თანამშრომლები ვხვდებით კამპანიაში მონაწილე ყველა პარტიას, ვხვდებით კანდიდატებს და პარტიების წარმომადგენლებს. ისინი მაწვდიან ინფორმაციას არსებული სიტუაციის თაობაზე,” – განუცხადა მან ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მსგავსი/Related

Back to top button