ახალი ამბები

გაჩეჩილაძის განცხადება – სრული ტექსტი

ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის განცხადება, 27 დეკემბერი

”სახეზე არის მიხეილ სააკაშვილის და ბადრი პატარკაციშვილის ბინძური თამაში საქართველოს წინააღმდეგ. ჩვენ კატეგორიურად მოვითხოვთ ორივესგან, რომ ეს ბინძური თამაში გადაიტანონ სამართლებრივ ჭრილში; კატეგორიულად მოვითხოვ საერთაშორისო თანამეგობრობისგან, რომ ეს ბინძური თამაში იქნას საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გამოძიებული.


ეს არის არჩევნების დასამარების, მედიის დისკრედიტაციის და ”იმედის” დახურვის თამაში, ეს არის საქართველოს დამთავრების თამაში და ჩვენ, საერთო სახალხო მოძრაობა, ჩვენ ხალხთან ერთად ამას არ შევურიგდებით, ჩვენ ვერავის ვერ მივცემთ უფლებას იმისას, რომ ჩვენი ქვეყანა დარჩეს წაგებულ მდგომარეობაში.


ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას 5 იანვრისთვის ამ ქვეყანაში. ჩვენ ხელისუფლების ასაღებად ვაგრძელებთ ბრძოლას. ჩვენ თითოეულ ხმას დავიცავთ, დავიცავთ ისე, როგორც ეს დასაცავია იმიტომ, რომ სააკაშვილის რეჟიმი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. ეს სიბინძურე უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში.


29 დეკემბერს, პირველ საათზე ყველას ვისაც გვიყვარს ჩვენი სამშობლო მობრძანდით რიყეზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სიბინძურე დამთავრდეს ამ ქვეყანაში”.


 

Back to top button