ახალი ამბები

”იმედის” კოლექტივის განცხადების სრული ტექსტი

26 დეკემბერი, ტელეიმედის სტუდიაში გიორგი თარგამაძის მიერ არხის თანამშრომლების სახელით გაკეთებული განცხადება: 


”საღამო მშვიდობისა. ტელემაყურებელი გაოცებული დარჩება, როცა გვიხილავს ამ გარემოში ჩვენს თანამშრომლებთან ერთად. როგორც შეგპირდით, ტელეკომპანია იმედის თანამშრომლებს, მის ხელმძღვანელობას გარკვეული გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული, რომლის თაობაზე დეტალური ინფორმაცია ვალდებულებიც კი ვართ, რომ მოგაწოდოთ.


ამდენად, მე ტელეკომპანიის თანამშრომელთა და ხელმძღვანელობის სახელით ვეცდები, რომ ეს განცხადება, რომელშიც ასახულია გადაწყვეტილება რომელიც მივიღეთ, უფრო დეტალურად წარმოგიდგინოთ:


”პირველ რიგში ვინ ვართ ჩვენ და რა ტელევიზიაზეა საუბარი. ეს ის ტელევიზიაა, რომელმაც საკუთარი მიუკერძოებლობითა და თავისუფლებით მოიპოვა ხალხის სიყვარული და ნდობა, რომელსაც ჩვენ ნოემბრის მოვლენების დროს ყოველდღიურად ვგრძნობდით.


აღარ ჩამოვთვლით იმ სიუჟეტებს, რომელიც ჩვენ არხზე გავიდა, თუმცა ვიტყვით, რომ ბევრი მათგანი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული, ფაქტობრივად, გახდა სახელისუფლებო კანდიდატის წინასაარჩევნო პროგრამის საფუძველი.


დიახ, ჩვენ ვაკრიტიკებდით ხელისუფლებას, მაგრამ ამას ვაკეთებდით არა პოლიტიკური კონიუქტურის, არამედ ჩვენი ჟურნალისტური პროფესიის პრინციპებიდან გამომდინარე.


ჩვენ შევქმენით იმედის 4 წელი, მაგრამ ბოლო პერიოდში სწორედ ”იმედი”  გახდა ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო კამპანიისთვის დამახასიათებელი პოლიტიკური სიბინძურის მთავარი სამიზნე.


გვინდა დავადასტუროთ, რომ ამ ბოლო თვენახევრის განმავლობაში ყოველი ჩვენთაგანი და ოჯახის წევრები გახდნენ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ზეწოლისა და შანტაჟის ობიექტები.


ბოლო ორი დღე კი ხელისუფლების კონტროლირებადი არხების მეშვეობით, საინფორმაციო გამოშვებების მეშვეობით იქმნება სრული ისტერია და ფსიქოზი, რაც იწვევს თანამშრომელთა ძალიან მძიმე  სტრესულ მდგომარეობაში ყოფნას და მუშაობას.


ამასთან დავამატებთ, რომ ამ ისტერიის შედეგად არ არსებობს ჩვენი ჟურნალისტების უსაფრთხო მუშაობის ელემენტარული გარანტიებიც კი.


ჩვენ ვფიქრობდით და ახლაც ვფიქრობთ არხის, ტელეიმედის გადარჩენის რამდენიმე ვარიანტზე, რომელთაგანაც უმთავრესი არის თუნდაც არხის ფაქტობრივი მფლობელის მიერ წილის ასივე პროცენტის სხვა მეპატრონეზე გადაცემა.


ეს შეიძლება იყოს თავად ტელევიზიის თანამშრომელთა შემოქმედებითი ჯგუფი, კოლექტივი ან საზოგადოებისთვის ცნობილი და ყველასთვის პატივსაცემი ადამიანები, რომელთა მიუკერძოებლობაში ეჭვი საზოგადოებაში არავის ეპარება. ამ შემთხვევაში, ცხადია, განიხილება ჩვენი უკვე ტრადიციული პარტნიორი, მულტინაციონალური მედია კომპანია News Corporation-ი. 


არხის მესაკუთრესთან ბადრი პატარკაციშვილთან და ტელევიზიის მმართველ კომპანია News Corp-თან კონსულტაციების შედეგად ასეთი პერსპექტივა რეალურია და ჩვენი ინფორმაციით, ამ ახალი საკუთრებითი რეალობის ასახვა არცთუ ისე შორეული პერსპექტივაა.


თუმცა მანამ სანამ არ დაიწმინდება პოლიტიკური დუღილის შედეგად ამღვრეული გარემო, სანამ არ გაირკვევა ტელევიზიის სამართლებრივი სტატუსი მფლობელთან დაკავშირებით, ჩვენ დროებით ვაჩერებთ მაუწყებლობას.


კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეს არ არის არხის დახურვა, არამედ ხდება მაუწყებლობის დროებითი შეჩერება.


ამით ჩვენ ვემიჯნებით ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს. ჩათვალეთ, რომ ეს არის ჩვენი პროტესტი როგორც ხელისუფლების მიმართ, რომელიც არაფერს ზოგავდა თანამშრომლების დაშანტაჟებისა და გადაბირებისათვის, ასევე იმ გაუგებრობის მიმართ, რომელიც უკავშირდება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში  არხის მეპატრონის მონაწილეობას, რომლის გარშემო ატეხილმა სკანდალმაც, არხის თანამშრომლები უმძიმეს მდგომარეობაში ჩაგვაყენა.    


ჩვენ ერთადერთი მიზანი გვაქვს: არხის, როგორც ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე ობიექტური და თავისუფალი სატელევიზიო ნაციონალური მედია-საშუალების გადარჩენა”.


აქვე კიდევ ერთი დეტალი, რომელიც პირადად მე მეხება. ბოდიშს გიხდით წინასწარ, რომ ვიკავებ ამ დროს. ჩემმა გვარმა ბოლო ორი დღის განმავლობაში, პირველ რიგში, ჩემთვის არასასიამოვნო კონტექსტში გაიჟღერა.


ვაცხადებ, რომ ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერი კონტექსტით ჩემი სახელის ნებისმიერ პროვოკაციულ განზრახვასთან ჩემი დაკავშირება ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს ხელისუფლებისა თუ რომელიმე ოპოზიციური კანდიდატისაგან.


და პირადად მე და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ყველა თანამშრომელი კატეგორიულად ვემიჯნებით ბინძურ პოლიტიკურ ავანტიურებს, რომელიც მიმდინარე საარჩევნო კამპანიის სამწუხარო საფირმო ნიშნად იქცა”.

Back to top button