პატარკაციშვილი: განვაგრძობ პოლიტიკურ ბრძოლას არსებული რეჟიმის წინააღმდეგ
ბიზნესმენი და პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი აცხადებს, რომ ”შანტაჟისა და მუქარის” მიუხედავად აგრძელებს პოლიტიკურ ბრძოლას არსებული რეჟიმის წინააღმდეგ.
”მე არ დავიშურებ ძალისხმევას რათა კრიმინალურმა ხელისუფლებამ ხალხზე არ გაიმარჯვოს,”- ნათქვამია პატარკაციშვილის განცხადებაში, რომელიც 26 დეკემბერს საღამოს გავრცელდა, ”ერთი წამით არ მეპარება ეჭვი – მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სავარძელში აღარ დაბრუნდება”.
განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც ტელეკომპანია ”იმედის” ხელმძღვანელობამ, რომლის დამფუძნებელიც ბადრი პატარკაციშვილია, არხის მაუწყებლობის დროებით შეწყვეტის შესახებ გააკეთა განცხადება. ტელეიმედის ხელმძღვანელობამ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ მაუწყებლობა მფლობელის შეცვლის შემდეგ განახლდება გამოხატა რა პროტესტი დამფუძნებლისა და ხელისუფლების მიმართ.
”იმედმა კვლავ შეწყვიტა მაუწყებლობა. ამჯერად ყველაფერი დარბევისა და სპეცრაზმის გარეშე ”მოგვარდა,” – აცხადებს პატარკაციშვილი, ”დარწმუნებული ვარ, რომ 2008 წლის 6 იანვარს ჩვენ ვნახავთ ძველებურ, ლაღ და თავისუფალ ”იმედს” რომელიც ხალხს უყვარდა”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)