
”იმედის” ჟურნალისტები პატარკაციშვილის განცხადების შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას
ტელეკომპანია ”იმედის” ჟურნალისტები გამოთქვამენ რა წუხილს არხიდან კოლეგების წასვლის გამო, აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას ტელეკომპანიაში მუშაობის გაგრძელების შესახებ ბადრი პატარკაციშვილის განცხადების შემდეგ მიიღებენ.
”ტელეკომპანია ”იმედის” თანამშრომლები წუხილს გამოვთქვამთ არხიდან კოლეგების წასვლის გამო და განვმარტავთ საინფორმაციო პროგრამების რედაქციის პოზიციას: ჩვენ უახლოეს საათებში ველოდებით არხის დამფუძნებლის განცხადებას ტელეიმედის კუთვნილებასა და მის პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით. შესაბამისად, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებთ, მანამდე ”ქრონიკა” მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს,”- განაცხადა საინფორმაციო გამოშვება ”ქრონიკის” წამყვანმა 26 დეკემბერს.
”იმედის” საკვირაო გადაცემა ”დროების” ექვსმა წამყვანმა ჟურნალისტმა არხის დატოვების თაობაზე განცხადება დღეს მას შემდეგ გააკეთა, რაც ტელეკომპანიის დამფუძნებელი და პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრი პატარკაციშვილი შეთქმულების დაგეგმვის სკანდალში გაეხვა. 25 დეკემბერს გავრცელებულ მიმართვაში პატარკაციშვილმა ”იმედის” ჟურნალისტების ”თვითშეზღუდვაზე” ისაუბრა და მოუწოდა მათ არ შეუშინდნენ ხელისუფლებას.
ამავდროულად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლადო გურგენიძემ 26 დეკემბერს განაცხადა, რომ ის დაუკავშირდება News Corp.-ს და ინფორმაციას მიაწვდის კომპანიას ბოლო დროს პატარკაციშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
მან ასევე განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღება ”იმედთან” დაკავშირებით News Corp.-ზეა დამოკიდებული.
”მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ ყველაფრის შემყურე News Corp.-ს შეიძლება საერთოდ აღარ უნდოდეს ამ თემის გაგრძელება [მისი კავშირი ”იმედთან”]. არაფერი არ არის გამორიცხული. სიტუაცია არის ძალიან არაორდინალური,” – განაცხადა გურგენიძემ.