
უმრავლესობა პატარკაციშვილის ჩანაწერებზე კომენტარს აკეთებს
ის გეგმა, რომელსაც ბიზნესმენი და პრეზიდენტობის კანდიდატი ბადრი ბატარკაციშვილი ამზადებდა მიმართულია არა ხელისუფლებისთვის ბრძოლისკენ, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ, განაცხადა დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა გიგი წერეთელმა ბადრი პატარკაციშვილის ვიდეო და აუდიო ჩანაწერების კომენტირებისას.
”ამ სერიებს ბუნებრივია ექნება ძალიან რეალური გაგრძელება. ეს არის კანონი და ეს არის გამოძიება, რომელიც ყველა დეტალს დაადგენს. შესაბამისად იქნება გადაწყვეტილებები მიღებული,” – განაცხადა გიგი წერეთელმა ”რუსთავი 2”-თან საუბრისას.
უმრავლესობის წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ბადრი პატარკაციშვილს და მის მომხრეებს სხვა არაფერი არ დარჩენიათ გარდა იმისა, რომ ”ფაბრიკაციაში დასდონ ბრალი ხელისუფლებას”.
”გამომდინარე იქიდან, რომ ის ჩანაწერები, რომელიც ამ ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელდა, საკმაოდ მძიმე შინარსისაა და საკმაოდ მტკიცე არგუმენტები არის მათ [ბადრი პატარკაციშვილის და მისი მომხრეების] წინააღმდეგ, მათ სხვა არაფერი არ დარჩენიათ გარდა იმისა, რომ გააპროტესტონ და ასე ვთქვათ ფაბრიკაციებში დასდონ ხელისუფლებას ბრალი, თუმცა რეალურად ახალიც არაფერი არ არის ნათქვამი იმ ჩანაწერებში,” – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა, ”ეს ადამიანები მანამდეც მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ასაბუთებენ და ბრალს სდებენ ხელისუფლებას, რომ ის არჩევნებს გააყალბებს. შემდგომ ისინი 6 იანვრიდან დაიწყებენ მასობრივ საპორტესტო აქციებს. უბრალოდ მათმა ამ წინასწარმა განცხადებამ ამ ჩანაწერებით კიდევ უფრო მეტი მტკიცებულების ძალა შეიძინა”, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, ყველა ქმედებას პროკურატურა სამართლებრივ შეფასებას მისცემს.
”ის[პროკურატურა] შეიმუშავებს შესაბამის მოქმედებების გეგმას, რა უნდა განხორციელდეს ამა თუ იმ პიროვნების წინააღმდეგ, როგორი სამართლებრივი დევნა უნდა განხორციელდეს”, – განაცხადა ბარამიძემ.