skip to content
ახალი ამბები

ტყეშელაშვილი HRW-ს ანგარიშის არასწორ დროს გამოქვეყნების გამო აკრიტიკებს

Human Rights Watch (HRW)-მა 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებული ანგარიში არაშესაფერის დროს გამოაქვეყნა მაშინ, როცა საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა 20 დეკემბერს.


”მხოლოდ ის ფაქტი, რომ ზუსტად ამ დროს მოხდა ამ ანგარიშის გამოქვეყნება, გარკვეულწილად არის დამაზიანებელი Human Rights Watch-ისთვის და მე ძალიან ვწუხვარ, რომ ის ამ ნაბიჯზე წავიდა და თავის რეპუტაციას ამ მხრივ არ მოუფრთხილდა,”- განაცხადა ტყეშელაშვილმა, ”უფლებადაცვითი ორგანიზაცია არა მარტო უნდა იყოს ნეიტრალური და მიუკერძოებელი, არამედ უნდა ჰქონდეს კიდეც საამისო იმიჯი”.


ეს განცხადებები ტყეშელაშვილმა ტელეკომპანია ”იმედის” თოქ-შოუში გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ HRW-ის რეპუტაციაზე საუბრისას კონკრეტულად საქართველოს შემთხვევას გულისხმობდა.


”მე ზოგადად მსოფლიო მასშტაბით Human Rights Watch-ის სანდოობის ხარისხთან მიმართებაში მთლიანი ანალიზი არ გამიკეთებია, თუმცა ისიც ავღნიშნე, რომ ერთ-ერთ ქვეყანასთან მიმართებაში და აქ აშშ-ს ვგულისხმობდი, კონკრეტულად ბუშის ადმინისტრაციასთან მიმართებაში საკმაოდ ტენდენციურობით გამოირჩეოდა ეს ორგანიზაცია”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. 


HRW-მა 20 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში განაცხადა, რომ 7 ნოემბრის მოვლენების დროს საქართველოს ხელისუფლების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებამ გამოააშკარავა, ”თუ რაოდენ არამყარია საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვა”. ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ დროა დასავლელმა პარტნიორებმა საჯაროდ გამოთქვან უკმაყოფილება ამ საკითხთან დაკავშირებით.


19 დეკემბერს გამოქვეყნებულ მოხსენებაში კრიზისების საერთაშორისო ჯგუფმა (International Crisis Group (ICG) ასევე მოუწოდა საქართველოს დასავლელ მეგობრებს ”ზეწოლა მოახდინონ სააკაშვილზე და მის ადმინისტრაციაზე, რათა მისი მზარდი ავტორიტარული კურსი” შეიცვალოს .

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button