
პრემიერ-მინისტრმა ბანკირებთან ”იაფი კრედიტის” პროგრამაზე იმსჯელა
პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე 11 დეკემბერს საქართველოს საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და ”იაფი კრედიტის” იდეის განხორციელების საკითხი განიხილა.
მისი თქმით, ხელისუფლება ამ პროექტის დაწყებას 2008 წლის გაზაფხულისთვის გეგმავს. პრეზიდენტობის კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის მიერ გასულ კვირას გახმოვანებული ეს ინიციატივა ითვალისწინებს, როგორც მან აღნიშნა, ბანკის შექმნას, რომლის საწყისი კაპიტალიც 300 მილიონი ლარი იქნება (სააკაშვილის თქმით, ეს რაოდენობა მომდევნო წლებში 3 მილიარდ ლარამდე გაიზრდება) და რომელიც გრძელვადიან სესხებს გასცემს 4-10% საპროცენტო განაკვეთის ფარგლებში.
”ჩვენ წავედით ამ ნაბიჯზე, რომ დავეხმაროთ ეკონომიკის რეალურ სექტორს იმ ფარგლებში, რომ გაზარდოს დასაქმება. დავეხმაროთ ადამიანთა იმ საოცრად დიდი ფენას, ვისაც აქვს ამბიცია, ჟინი, აზარტი საკუთარი საქმის დაწყებისა,”- განაცხადა გურგენიძემ შეხვედრაზე, ”თქვენთან ერთად მოვახერხებთ თქვენივე კლიენტებისთვის დამატებითი საშეღავათო საკრედიტო რესურსის შექმნას იმისათვის, რომ ექსპორტი წავახალისოთ”.
მან ასევე განაცხადა, რომ ამ პროგრამაში მონაწილეობა სრულიად ნებაყოფლობითია.
”მაგრამ მე იმედი მაქვს, რა თქმა უნდა, რომ ბევრი ბანკი მიიღებს ამაში მონაწილეობას, თუნდაც რომელიღაც ასპექტში”, – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)