skip to content
ახალი ამბები

კუკავა თარგამაძეს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას პირდება

ოპოზიციური კოალიციის წევრი კონსერვატორული პარტიიდან კახა კუკავა კოლეგა დეპუტატ გივი თარგამაძეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას დაპირდა ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში.


”გივი თარგამაძე არის ერთ-ერთი მსხვილი დანაშაულებრივი ჯგუფის წარმომადგენელი ამ ქვეყანაში და, ბუნებრივია, მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ ასცდება,” –  განაცხადა კახა კუკავამ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, რომელიც 10 დეკემბერს გამოქვეყნდა.


კუკავამ ეს განცხადება გივი თარგამაძის პრესკონფერენციის შემდეგ გააკეთა. თარგამაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციური კოალიცია ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ფინანსური მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს, სანაცვლოდ კი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას სთავაზობს. ცხრა პარტიისგან შემდგარი კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძეა.


კახა კუკავა იმ პოლიტოკოსებს შორის იყო, რომლებმაც გასულ კვირას ლონდონში სტუმრობისას პატარკაციშვილთან გამართეს მოლაპარაკებები. კუკავამ კატეგორიულად უარყო პატარკაციშვილთან ”ფარული გარიგება”.

”მასთან [პატარკაციშვილთან] შევთანხმდით ორ მნიშვნელოვან საკითხზე,” – განაცხადა კუკავამ, ”ეს არის 5 იანვრის შემდეგ საქართველოს განვითარების ხედვა. შევთანხმდით, რომ საგურამოს მანიფესტი არის არა მხოლოდ გაერთიანებული ოპოზიციის, არამედ ბადრი პატარკაციშვილის ხედვაც. გადაწყვეტილი საკითხია, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკად უნდა გარდაიქმნას. მეორე საკითხი იყო 5 იანვარს ქართველი ხალხის მონაპოვრის დაცვა. თუ სააკაშვილი გაბედავს არჩევნების გაყალბებას, 6 იანვარს სხვა საპრეზიდენტო კანდიდატებთან ერთად დავდგებით ქართველი ხალხის ხმების დასაცავად”.


”დიალოგი მიმდინარეობს სხვა საკითხებზეც. ძალიან მალე საქართველოს ხელისუფლებას ბევრი სიურპრიზი ელის. სააკაშვილთან ისეთ თამაშს ვითამაშებთ, რომ მას გამარჯვების შანსი არ ექნება,” – დასძინა კუკავამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button