თბილისი აკრიტიკებს დსთ-ს თავდაცვის მინისტრების გადაწყვეტილებას
აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული კოლექტიური ძალების სარდლისთვის სერგეი ჩაბანისთვის მანდატის გაგრძელების თაობაზე დსთ-ს თავდაცვის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ აქვს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გელა ბეჟუაშვილმა 27 ნოემბერს.
”ჯერ ერთი საქართველო არ მონაწილეობს ამ საბჭოში და მეორე, სამშვიდობო ძალების სარდლის მანდატის გაგრძელების საკითხს არ წყვეტს თავდაცვის მინისტრთა საბჭო,”- განაცხადა მან, ”ამდენად, არანაირი სამართლებრივი შედეგი ამ გადაწყვეტილებას არ აქვს, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა შეცდომაში შეიყვანონ საერთაშორისო თანამეგობრობა, საკუთარი ხალხი რუსეთში”.
გელა ბეჟუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მისი უწყება დსთ-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე კვლავ დააფიქსირებს უარყოფით პოზიციას ამ ”მიუღებელ” პიროვნებასთან დაკავშირებით.
სერგეი ჩაბანი ოფიციალურმა თბილისში განმუხურის ინციდენტის შემდეგ არასასურველ პერსონად გამოაცხადა და მისი საქართველოს ტერიტორიიდან გაძევება მოითხოვა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა 27 ნოემბერს ”რია ნოვოსტის” განუცხადა, თავდაცვის მინისტრთა საბჭომ კი გაუგრძელა ჩაბანს მანდატი, თუმცა უახლოეს პერიოდში შეირჩევა აფხაზეთში სამშვიდობოთა მეთაურის ახალი კანდიდატურა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა სამშვიდობოების სარდლად ჩაბანის დატოვებას ”პოლიტიკური შეცდომა” უწოდა. ”ეს კიდევ ერთი არგუმენტია იმისთვის, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალებმა შეწყვიტონ მუშაობა აფხაზეთში,”- განაცხადა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)