skip to content
ახალი ამბები

ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენლები ”იმედთან” დაკავშირებით თბილისს სტუმრობენ

ტელეკომპანია ”იმედი”, რომელიც ხელისუფლებამ დახურა, ”ინფორმაციის ალტერნატიული წყაროა, რომლის არსებობაც საქართველოს პლურალისტური მედია გარემოს ნაწილია,” განაცხადა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა მიკლოს ჰარაციმ.


მიკლოს ჰარაცი და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები თბილისში იმყოფებიან და ტელეკომპანია ”იმედის” გარშემო არსებულ სიტუაციას განიხილავენ.


”მრავალფეროვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე,” – განაცხადა ჰარაციმ.


იგი შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს, რომელიც 21 ნოემბერს ერთდღიანი ვიზიტით ვენას ეწვია და ტელეკომპანია ”იმედთან” დაკავშირებული საკითხები განიხილა.


თბილისში მიკლოს ჰარაცი შეხვდება მთავრობის წევრებს, პოლიტიკოსებს, მედიის წარმომადგენლებს და ტელეკომპანია ”იმედის” ხელმძღვანელობას და თანამშრომლებს.


იმავდროულად ცხრა პარტიისგან შემდგარი ოპოზიციური კოალიცია 25 ნოემბერს თბილისში დემონსტრაციის გამართვას გეგმავს ”იმედის” მაუწყებლობის განახლების მოთხოვნით.


რაც შეეხება რადიო ”იმედს”, რომელიც მედია ჰოლდინგი ”იმედია” შემადგენელი ნაწილია, ის კვლავ გათიშული რჩება. ტელევიზიასთან დაკავშირებით, ორი ცალ-ცალკე გადაწყვეტილებაა მიღებული – ერთი სასამართლოს მიერ და მეორე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მიერ – ორივე მათგანი ტელევიზიის სამაუწყებლო ლიცენზიის შეჩერებას ეხება. თუმცა, არ არსებობს რაიმე იურიდიული საფუძველი რადიო ”იმედის” მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.


”ჩვენ არ მიგვიღია რაიმე დოკუმენტი ან შეტყობინება იმის თაობაზე, თუ რატომ არ შეგვიძლია მაუწყებლობის აღდგენა,” – განაცხადა რადიო ”იმედის” დირექტორმა ნონა ყანდიაშვილმა 20 ნოემბერს.


რადიო ”იმედის” შენობა კვლავ დალუქულია და თანამშრომლებს შენობაში არ უშვებენ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button