მედია მთავრობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს
საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ლადო გურგენიძემ შესაძლოა ზურაბ ნოღაიდელი შეცვალოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, ვარაუდობს ქართული მედია 16 ნოემბერს.
თუმცა, პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის წარმომადგენელმა Civil.Ge-ს განუცხადა, რომ “ეს მხოლოდ ხმებია, რომელსაც ვერ დავადასტურებთ”.
ლადო გურგენიძე, რომელიც საქართველოს და ბრიტანეთის მოქალაქეა, საქართველოს ბანკში 2004 წლიდან მუშაობს. ამ პერიოდში ბანკმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, რის შედეგადაც ის ერთ-ერთი წამყვანი ბანკი გახდა ქვეყანაში. მისი საბაზრო წილი 32%-ს შეადგენს. წელს ბანკმა თავისი საქმიანობა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გააფართოვა მას შემდეგ, რაც უკრაინის განვითარებისა და პარტნიორობის უნივერსალური ბანკი (UBDP) იყიდა 81.7 მილიონ აშშ დოლარად. საქართველოს ბანკის აქციების 85% უცხოელი მეპატრონეების ხელშია. გავრცელებული ინფორმაციით, გურგენიძის საკუთრებაში არსებული აქციების ოდენობა 2%-ს ცოტათი აღემატება.
გურგენიძეს პირველად პოპულარობა სატელევიზიო შოუში “კანდიდატი” მონაწილეობამ მოუტანა.
მას ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა ხელისუფლებასთან და კერძოდ, პრეზიდენტ სააკაშვილთან. გასული წლის ნოემბერში საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო საქართველოს ბანკის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების განთავსებას. დაახლოებით ერთი კვირის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ლადო გურგენიძეზე პერსონალურად ისაუბრა ქართველ ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე.
”ლადოს გამოსვლა იყო ამ ბოლო დღეების განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო ტელევიზიით,”- განაცხადა სააკაშვილმა მხედველობაში ჰქონდა რა გურგენიძის გამოსვლა ”რუსთავი 2”-ის თოქ-შოუში, სადაც მან ოპოზიცია გააკრიტიკა.
”ლადომ ბევრად უფრო ადრე დაიწყო ჩემზე დასავლეთში სწავლა… რომ ჩავედი ნიუ-იორკში, ძალიან დიდი ავტორიტეტის მატარებელი იყო და მერე დაბრუნდა უკან მაშინ, როცა ჯერ არავის არაფრის იმედი არ ჰქონდა. მაშინ იწყებოდა ეკონომიკური ოპტიმიზმის რაღაც ელემენტები და პირველმა აუღო ალღო,”- განაცხადა სააკაშვილმა და განაგრძო: ” ჩემთვის ძალიან დიდი სიამაყე იყო და ეს იყო მართლა პატივი ჩემთვის, რომ წავედი მათი [საქართველოს ბანკის] აქციების და საერთოდ, პირველი ქართული კომპანიის გასვლაზე ლონდონის ბირჟაზე”.
ამის საპასუხოდ ლადო გურგენიძემ განუცხადა პრეზიდენტს, რომ 7 ნოემბერს მომხდარი არეულობის შემდეგ ქვეყანაში სტაბილიზაციის შენარჩუნებისაკენ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა გაანეიტრალა უცხოელი ინვესტორების შიშები. ამ მოსაზრების გასამყარებლად მან საქართველოს ბანკის მაგალითი მოიყვანა: მისი თქმით, 7 ნოემბრის შემდეგ საქართველოს ბანკის აქციების ფასებმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ზრდა დაიწყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)