ახალი გზა ზემო აფხაზეთისკენ
დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზემო აფხაზეთთან დამაკავშირებელი ახალი, საკენი-ჭუბერის 42 კილოემტრიანი გზა გახსნა.
როგორც რომან დალაქიშვილმა, საგზაო დეპარტამენტის უფროსმა, პრეზიდენტს განუცხადა ახალი გრუნტის გზით ზემო აფხაზეთში ჩასვლა ორჯერ უფრო სწრაფად მოხდება, ვიდრე ძველით.
დალაქიშვილის ინფორმაციით, რთული რელიეფური ადგილმდებარეობის გამო გზაზე მოძრაობა ზამთრის პერიოდში შესაძლოა დაახლოებით ორი თვის განმავლობაში შეჩერდეს, განსხვავებით ძველი გზისგან, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში იკეტებოდა. სააკაშვილმა განაცხადა რომ უნდა იქნეს შეძენილი ”საუკეთესო ტექნიკა”, რათა შესაძლებელი გახდეს, დიდთოვლობის და ზვავის ჩამოწოლისას დროულად გზის გაწმენდა და მოძრაობის აღდგენა.
ახალი გზის გარკვეული მონაკვეთი 3 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს ტყვარჩელიდან – აფხაზების მიერ მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან.
ამის გამო სააკაშვილმა განაცხადა, რომ აუცილებელია გზაზე განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების მიღება. მისი თქმით, აუცილებელია რომ გზაზე პატრულირება განახორციელოს პოლიციის დანაყოფებმა და ასევე პერიოდულად კონტროლი მოხდება ვერტფრენების მეშვეობითაც.
”ჩვენი ამოცანა არის, რომ ეს გზა ფუნქციონირებდეს, როგორც ნორმალური სამოქალაქო გზა… იმედია ამათ [აფხაზები] ცხვირის შემოყოფის სურვილი არ ექნებათ… ამიტომ ეს ძალიან კარგად დაცული გზა უნდა იყოს,” – განაცხადა პრეზიდენტმა.
აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ხელმძღვანელის მალხაზ აქიშბაიას განცხადებით, ახალ გზაზე სისტემატიურად იმოძრავებენ ავტობუსები, თუმცა პრეზიდენტის დავალებით მგზავრობის ღირებულება ნაცვლად 25-30 ლარისა, 10 ლარი იქნება.
”მე დაგპირდით ყველას, რომ ჩვენ ერთი წლის განმავლობაში გავაკეთებდით გზას, რომელიც იფუნქციონირებდა და რომელიც საშუალებას მოგვცემდა ეს ხეობები – ჩხალთის, კოდორის, მარუხის უღელტეხილი, მთელი ჭუბერი ყოფილიყო ხელმისაწვდომი დანარჩენი მოსახლეობისთვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ეს არის ”მშვიდობის გზა”, რომელიც ”სოხუმამდე მიგვიყვანს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)