skip to content
ახალი ამბები

ბაღაფში გაეროს დამკვირვებლების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს

თვითგამოცხადებული აფხაზეთის ლიდერი სერგეი ბაღაფში უკმაყოფილებას გამოთქვამს გაეროს დამკვირვებელთა მიმართ, რომლებიც მისი თქმით, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რათა დადგინდეს, რომ 20 აგვისტოს შეიარაღებული ინციდენტი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა, იუწყება ”აფსნიპრესი” 24 სექტემბერს.


”ამიტომაც აკრძალულია გაეროს მისიის ნებისმიერი სახის გადაადგილება შემთხვევის ადგილისაკენ აფხაზი სპეციალისტებისა და რუსი სამშვიდობოების თანხლების გარეშე,”- აცხადებს ბაღაფში.


დღეს დილით რუსული საინფორმაციო საშუალებები კოლექტიური სამშვიდობო ძალების მეთაურის სერგეი ჩაბანის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინებოდნენ, რომ შეტაკება, რომელმაც ორი აფხაზი მებრძოლი იმსხვერპლა, ორიც დაჭრილია, ხოლო შვიდ დაკავებულს (მათ შორის ერთ-ერთ დაჭრილს) ქართულმა სასამართლომ უკვე შეუფარდა წინასწარი პატიმრობა, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ტყვარჩელის რაიონში მოხდა. თუმცა საქართველოში გაეროს მისიაში აცხადებენ, რომ გამოძიება არ დასრულებულა და შესაბამისად, არც ინციდენტის ზუსტი ადგილია ჯერ ცნობილი.


სოხუმში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სერგეი ბაღაფშმა 20 სექტემბრის შეტაკებას ”ტერორისტული აქტის” კვალიფიკაცია მისცა და განაცხადა, რომ მთელი პასუხისმგებლობა აფხაზეთში სიტუაციის გართულებაზე ქართულ მხარეს ეკისრება.


მისი თქმით, სოხუმი ყველაფერს აკეთებს, რათა დაიხსნას აფხაზი ”მესაზღვრეები” თბილისის ტყვეობიდან. სეპარატისტებმა შესაბამისი თხოვნით უკვე მიმართეს საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ევროპის საბჭოს ადამიანი უფლებათა კომისარს. 


”ჩვენ მივმართავთ ყველა საჭირო ზომას ამისათვის, მთავარია, რომ ჩვენი ბიჭები იქნენ გათავისუფლებულები,”- აღნიშნავს ბაღაფში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button