რუსი ექპერტები 6 აგვისტოს ინციდენტის გამოძებაში ჩაერთვებიან
რუს სამხედრო ექსპერტთა 25 კაციანი ჯგუფი 16 აგვისტოს თბილისში ჩამოვა, რათა 6 აგვისტოს დაბომბვის ინციდენტის გამოძიებაში მიიღონ მონაწილეობა.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა დავით დონდუამ 15 აგვისტოს საქართველოში რუსეთის ელჩთან ვიაჩესლავ კოვალენკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
”ჩვენ რუსეთს მივმართეთ მოგვაწოდოს მათი სარადარო ინფორმაცია, ასევე ითანამშრომლოს ჩვენთან, რათა გაირკვეს სიმართლე,” – განაცხადა დონდუამ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-თან საუბრისას და იქვე დასძინა, ”დღეს რუსეთის ელჩმა გვაცნობა, რომ რუსეთის მხარე მზად არის წამოვიდეს ესეთ თანამშრომლობაზე და ხვალ ჩვენ 25-კაციან დელეგაციას ველოდებით რუსეთიდან.”
რუსეთის ელჩმა, საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მან სამინისტროში ”6 აგვისტოს ინციდენტის ერთობლივი გამოძიების” საკითხები განიხილა.
თბილისის მტკიცებით ქართულ მხარეს გააჩნია სამოქალაქო და სამხედრო სარადარო მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ, რომ 6 აგვისტოს სუ-24 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცე რუსეთის მხრიდან გადაკვეთა, რის შემდეგაც ანტი-სარადარო რაკეტა, რომელიც არ აფეთქებულა, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის სიახლოვეს, სოფელ წითელუბანთან ჩამოაგდო.
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის განცხადებით, რუსეთის მხირდან სარადარო მონაცემების გადმოცემის შემთხვევაში ამ მონაცემებს ისეთივე საერთაშორისო ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს, როგორიც ქართულმა სარადარო ჩანაწერებმა გაიარეს.
საქართველოში 11 აგვისტოდან უკვე იმყოფება საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც 6 აგვისტოს ინციდენტს იძიებს. ჯგუფში, რომელიც თბილისის თხოვნით შეიქმნა, შედიან შვედი, ლიტველი, ლატვიელი და ამერიკელი ექსპერტები.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)