ეთნიკური ოსები თამარაშენში შეიკრიბნენ
საქართველოს ეთნიკური ოსური მოსახლეობა 22 ივლისს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის სოფელ თამარაშენში გამართულ კონფერენციაზე შეიკრიბა.
100-მდე ეთნიკურმა ოსმა სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
კონფერენცია თამარაშენში ახლად აშენებულ მრავალფუნქციურ კომპლექსში გაიმართა.
სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა კონფერენციაზე განაცხადა, რომ ორი ვარიანტი არსებობს: ან კონფრონტაცია ან თანამშრომლობა და ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში საქართველოსთან ერთად.
”ეს გზა სავსეა გამოწვევებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ოსები ყველა პრობლემას გადალახავენ,” – განაცხადა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს გზა არ ნიშნავს რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტას. ”ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ახლო ურთიერთობები რუსეთთან და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკასთან,” – განაცხადა სანაკოევმა.
მისი თქმით, მის ადმინისტრაციას ახლო ურთიერთობა ექნება საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასთან საქართველოს სახელმწიფოში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური სტატუსის განსაზღვრის საქმეში.
კრებაზე გადაწყდა 15 წარმომადგენლის შერჩევა სამთავრობო კომისიასთან სამუშაოდ. კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ხელმძღვანელობს, სანაკოევის ადმინისტრაციასთან ერთად სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსაზღვრაზე მუშაობს.
კონფერენციაზე გამოსვლისას დიმიტრი სანაკოევმა სეპარატისტული ხელისუფლება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ედუარდ კოკოითი ”ოს ხალხს მომავალს ართმევს”.
სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლება ასევე გეგმავს გამართოს სექტემბერში, ჯავაში ოსი მოსახლეობის საყოველთაო შეკრება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)