skip to content
ახალი ამბები

სუამის სამიტზე ოდესა-გდანსკის ნავთობსადენის პროექტზე იმსჯელეს

კავკასიის გავლით კასპიური ნავთობის ევროპაში ოდესა-ბროდი-გდანსკის მარშრუტით  ტრანსპორტირების თაობაზე იმსჯელეს სუამის ლიდერებმა ბაქოში 18-19 ივნისს გამართული მაღალი დონის სამიტის ფარგლებში, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ პოლონეთისა და ლიტვის პრეზიდენტები.


”ლაპარაკია კასპიისპირა ნავთობის საქართველოს გავლით უკრაინაში და შემდგომ პოლონეთში, დანარჩენ ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში გატანაზე,” – განუცხადა ბაქოში ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა.


აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანს საკმარისი რესურსი აქვს, რათა ოდესა-გდანსკის ნავთობსადენის მიმწოდებელი იყოს და ასევე მისი გამოყენების საშუალება მისცეს კასპიის აუზის ”მეგობარ” სახელმწიფოებს, კერძოდ ყაზახეთს, იუწყება აზერბაიჯანული სააგენტო ”თრენდი”.


აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ამ პროექტთან დაკავშირებით პოლიტიკური შეთანხმება უკვე მიღწეულია.


11 მაისს კრაკოვში აზერბაიჯანის, საქართველოს, ლიტვის, პოლონეთის და უკრაინის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს, რომელიც მხარს უჭერს თანამშრომლობის გაძლიერებას ცენტრალური აზიიდან სამხრეთ კავკასიის გავლით ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების სფეროში.


აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ნატიკ ალიევმა 19 ივნისს განაცხადა, რომ შესაბამისი სამუშაო ჯგუფები უკვე მუშაობენ ოდესა-გდანსკის პროექტის რეალიზაციაზე. მისი ინფორმაციით, მორიგი ასეთი შეხვედრა ზაფხულში თბილისში იგეგმება, ხოლო სექტემბერში კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ვილნიუსის ენერგეტიკულ სამიტზე, რომელშიც სუამის სახელმწიფოთა მეთაურებიც მიიღებენ მონაწილეობას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button