მოსკოვი და სოხუმი უარყოფენ გალში სამხედრო ბაზის მშენებლობას
მოსკოვმა და სოხუმმა უარყვეს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის 11 ივნისის განცხადება, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება რუსეთის დახმარებით გალის რაიონში, შეზღუდული შეიარაღების ზონაში სამხედრო ბაზის აშენებას გეგმავს.
”ასეთ რამეს ადგილი არ აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს, რადგან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო შეთანხმებებს [ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ მოსკოვის 1994 წლის შეთანხმებას],”- განუცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვიაჩესლავ სედოვმა 11 ივნისს ”რია ნოვოსტის”.
სამხედრო ბაზის მშენებლობისა და ამ მიზნით გალის რაიონიდან 7 ქართული ოჯახის გასახლების ინფორმაცია უარყო ასევე დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა გალში რუსლან ქიშმარიამაც.
”არავინ არავითარ სამხედრო ბაზას არ აშენებს. იქ ხალხს აგარაკების აშენება უნდათ და ფულს ვაძლევთ… ჩვენ საქართველო კი არ ვართ, სამხედრო ბაზები ვაშენოთ. ჩვენ ეს არ გვჭირდება,”- განაცხადა დღეს ქიშმარიამ ტელეკომპანია ”იმედთან” სატელეფონო საუბარში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)