ახალი ამბები

ცხინვალის განცხადებით, წყალსადენი ჯერ არ შეკეთებულა

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, ცხინვალში წყლის მიწოდება ჯერ არ განახლებულა, რადგანაც ქართული მხარე აფერხებს სარემონტო სამუშაოების განხორციელებას.


”ქართული მხარის მიერ სარემონტო სამუშაოების განხორციელება ნელა და დაბალი ხარისხით მიმდინარეობს,”- განაცხადა სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტმა 7 ივნისს.


სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა 6 ივნისს განაცხადა, რომ მისმა ადმინისტრაციამ უკვე შეაკეთა დაზიანებული წყალსადენი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.


”ახლა, ცხინვალის წყლის სისტემის მუშაობაზე პასუხისმგებელ სტრუქტურებზეა დამოკიდებული უზრუნველყონ წყლის მიწოდება ცხინვალში,” – განაცხადა სანაკოევმა.


ამასობაში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში მერაბ ანთაძე თბილისში რუსული მხარის წარმომადგენელს შერეულ საკონტროლო კომისიაში (შსკ) იური პოპოვს შეხვდა.


შეხვედრის შემდეგ ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქართული მხარის გზავნილი ცხინვალისადმი არის ის, რომ ამ უკანასკნელმა შეწყვიტოს წყლის პრობლემების გამოყენება პოლიტიკური მიზნით და გახსნას ქართული სოფლებისკენ მიმავალი გზები.


ანთაძესთან შეხვედრის შემდეგ იური პოპოვი ცხინვალში გაემგზავრა.


”გარდა ამისა, ჩვენ დაუყონებლივ ვითხოვთ [შსკ] თანათავმჯდომარეების შეხვედრას, რათა განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რომელიც დაგროვილია – ეს არის იმ უკონტროლო გზის ერთობლივი პატრულირება, საიდანაც დღემდე შემოდის შეიარაღება და სხვადასხვა არაკანონიერი შეიარაღებები; ჩვენ ასევე გვინდა განვიხილოთ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღების საკითხი,” – განაცხადა ანთაძემ.  



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button