skip to content
ახალი ამბები

თბილისი რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას ეხმაურება

კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ”შეშფოთებას” გამოთქვამს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით 29 მარტს გაკეთებული განცხადების გამო და აცხადებს, რომ ეს განცხადება  ”გამსჭვალულია საქართველოს მიმართ არამეგობრული და ცილისწამებლური გამონათქვამებით”.


”სინანულს იწვევს ის ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო საუბარს იწყებს სპეცსამსახურების ენაზე,” – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ 30 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.


29 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, სადაც გაკრიტიკებულია და ”მარიონეტულ” მთავრობად არის მოხსენიებული  სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული პრეზიდენტის დიმიტრი სანაკოევის მთავრობა, მოსკოვი ხაზს უსვამს, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტში საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულია ორი მხარე და ”ეცადო არსებულ ვითარებაში ჩართო ახალი მონაწილეები, გადაჭარბების გარეშე, დანაშაულია”.


”რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში მოყვანილი დეზინფორმაციის საპასუხოდ ქართული მხარე აცხადებს, რომ არავითარი ”საერთაშორისოდ აღიარებული ორი მხარე” არ არსებობს. არის მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება, რომელიც იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, რათა ცხინვალის რეგიონში მოქმედ ძალებთან, მათ შორის [დე ფაქტო პრეზიდენტის ედუარდ] კოკოითის რეჟიმთან, მოლაპარაკებების გზით მიაღწიოს ქვეყნის შიდა კონფლიქტის დარეგულირებას,” – ნათქვამია განცხადებაში.


განცხადება ასევე აღნიშნავს, რომ ”საქართველოს მხარე კვლავაც ხაზს უსვამს, რომ ის მზად არის კონსტრუქციული დიალოგი აწარმოოს ცხინვალის რეგიონის ყველა იმ ძალასთან, რომელიც სარგებლობს ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერით და შესაძლებლობა აქვს, ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან, სრულმასშტაბიან მოგვარებას”. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button