ახალი ამბები

”ბილაინი” საქართველოში ”პარტნიორული სტრატეგიით” ოპერირებას იწყებს

დღეიდან რუსული მობილური ოპერატორი კომპანია ”ბილაინი” საქართველოში ოპერირებას იწყებს და მოლოდინის მიუხედავად, არ აპირებს კონკურენტებთან ”საფასო ომის” გაჩაღებას.


ამის შესახებ ”რუსთავი 2”-ის გადაცემა ”ბიზნესკურიერს” საქართველოში კომპანიის ხელმძღვანელმა რომან კალინინმა განუცხადა.


”საქართველოში ფაქტიურად ნულიდან ვიწყებთ განვითარებას, ჩვენ აქ მსხვილი მოთამაშეები დაგვხვდნენ… ვფიქრობ ჩვენ მიერ შერჩეული ტარიფი კარგად მოერგება ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკას”, – განაცხადა მან.


ამჟამად, საქართველოში ორი მობილური ოპერატორი კომპანია მოქმედებს: ჯეოსელი, რომელსაც ბაზრის 55% უკავია და მაგთი – ბაზრის 45%-ით.


კალინინის თქმით, ”ბილაინი” წლის ბოლომდე ქართული ბაზრის 35%-ის დაკავებას, ხოლო 2008 წლისთვის მთელი საქართველოს დაფარვას გეგმავს.


”საწყის ეტაპზე ჩვენი ქსელი თბილისსა და რუსთავს მოიცავს და 300 ათასამდე აბონენტს მოემსახურება, მაისში ამ ქსელს ბათუმი და სხვა მსხვილი ქალაქებიც დაემატება”, – განაცხადა კალინინმა.


მან კომპანიის მიერ განსახორციელებელი ინვესტიციის მთლიანი ოდენობა არ დაასახელა, თუმცა განაცხადა, რომ ”ერთ ადგილობრივ აბონენტზე დაახლოებით 100 აშშ დოლარის ინვესტიციაა ჩაფიქრებული”.


რუსულმა კომპანია “ვიმპელკომმა“, რომელიც რიგ ქვეყნებში ”ბილაინის” სახელით მოღვაწეობს, 2003 წლიდან საქართველოში GSM-1800 ციფრული ლიცენზიების მფლობელი ”მობიტელის” აქციები გასული წლის ივლისში შეიძინა.


”მობიტელის” შეძენის მიზეზი იყო ის, რომ  “ვიმპელკომი” დსთ-ს ქვეყნებში გაფართოებას გეგმავს”, – განაცხადა რომან კალინინმა.


რუსული “ვიმპელკომი” ამჟამად საქართველოს გარდა ყაზახეთში, ურაინაში, უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და სომხეთში ოპერირებს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button