
ოპოზიცია პრეზიდენტის საპარლამენტო მოხსენების ფორმატს არ ეთანხმება
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 13 მარტს დაადასტურა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი თავისი ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 15 მარტს, დღის მეორე ნახევარში წარსდგება.
”იგი იმ მიღწევებზე ისაუბრებს, რომლებიც უკვე გვაქვს და ასევე მის ხედვაზე მომავალ პოლიტიკასთან დაკავშირებით”, – განუცხადა ბურჯანაძემ დეპუტატებს 13 მარტს პარლამენტის სხდომაზე.
თუმცა, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პრეტენზიები გამოხატეს იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი უარს აცხადებს მოხსენების შემდეგ კითხვებს უპასუხოს.
”ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა უარი თქვა ტრადიციაზე მოისმინოს ოპოზიციის პასუხი მის მოხსენებაზე… ვფიქრობ, რომ წელიწადში ერთხელ მაინც პრეზიდენტმა საჯაროდ უნდა მოუსმინოს განსხვავებულ აზრს. სამწუხაროდ, პრეზიდენტი გაურბის საჯარო დიალოგს ოპოზიციასთან. დიალოგი მხოლოდ დახურულ კარს მიღმა საკმარისი არ არის”, – განაცხადა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ.
თუმცა, ამის საპასუხოდ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ”ტელევიზიით მოისმენს ოპოზიციის კრიტიკულ შენიშვნებს”.
This post is also available in: English