პრეზიდენტი ნატოს საწინააღმდეგო კამპანიას ”უჭკუოს” უწოდებს
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოწოდებებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხის გადახედვის და ამის სანაცვლოდ ნეიტრალიტეტის თემის წინ წამოწევასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სააკაშვილმა ”უჭკუო” და ”უსინდისო” უწოდა.
23 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა პრეზიდენტს ჰკითხა: ”უფრო და უფრო მეტი ოპოზიციური პარტია გამოდის და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს უარის თქმა ცხინვალზე და აფხაზეთზე, თუ კი ჩვენ შევალთ ნატოში. რას უკავშირებთ ამ კამპანიას?”
”თქვენ რას უკავშირებთ ამ კამპანიას?”, – ჰკითხა სააკაშვილმა ჟურნალისტს სანაცვლოდ.
”რა თქმა უნდა რუსეთს”, – უპასუხა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა.
სააკაშვილმა ჩაიცინა და დასძინა: ”მე რატომ უნდა გავცე ამას პასუხი. კიდევ ეწყინებათ ჩემგან.”
”სამწუხაროდ, ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ ვერ ისწავლა ჭკუა. ერთია, რომ უსინდისოები არიან და მეორეა, რომ ჭკუა არ აქვთ. როცა არის თან უსინდისო და თან ძალიან უჭკუო ეს ძალიან ცუდი კომბინაციაა. ეს არის რაც შემიძლია ვთქვა ამ სისულეებზე”, – აღნიშნა სააკაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)