skip to content
ახალი ამბები

რუსეთმა ვერ შეძლო კონტრაბანდული ურანის წარმომავლობის დადგენა

საქართველოში ერთი წლის წინ ამოღებული ურანის წარმომავლობის დადგენა ვერ მოხერხდა, განაცხადა რუსეთის ფედერალური ატომური ენერგიის სააგენტოსთან არსებული არაორგანული ნივთიერებების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ იგორ შკაბურამ 26 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.


მისი თქმით, ქართულმა მხარემ რუსეთს ნიმუშის მხოლოდ მცირე რაოდენობა გაუგზავნა, რის გამოც შეუძლებელი გახდა ურანის წარმომავლობის ქვეყნის დადგენა, იტყობინებიან “იტარ-ტასსი“ და “რია ნოვოსტი“.


“სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ტექნოლოგიები, სადაც შესაძლებელია ამგვარი ნივთიერების წარმოება, ძალიან მსგავსია“, – განაცხადა შკაბურამ.


მისი თქმით, რუსმა ექსპერტებმა სთხოვეს ქართულ მხარეს მეტი ნიმუში გაეგზავნათ, თუმცა თბილისიდან პასუხი არ მიუღიათ.


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 24 იანვარს განაცხადა, რომ ქართველმა სამართალდამცავებმა გასული წლის იანვარში რუსეთის მოქალაქისგან 100 გრამი ურანი ამოიღეს. მან ეს ნივთიერება ჩრდილოეთ ოსეთიდან საქართველოში სამხრეთ ოსეთის გავლით შემოიტანა.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button