ახალი ამბები

სამხრეთ ოსეთში პარალელური არჩევნები იმართება

სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლება თვითგამოცხადებულ რეგიონში 12  ნოემბერს დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმს და საპრეზიდენტო არჩევნებს ატარებს.


თვითგამოცხადებული რეგიონის თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ამავე დღეს ადგილობრივი მოსახლეობა პრეზიდენტს ირჩევს და  რეფერენდუმში მონაწილეობს, სადაც მათ პასუხი უნდა გასცენ შეკითხვას სურთ თუ არა საქართველოსთან გაერთიანება.


სეპარატისტული ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ არჩევნებში, მოსალოდნელია რომ, სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელი ლიდერი ედუარდ კოკოითი გაიმარჯვებს.


რაც შეეხება ქართულ სოფელ ერედვში განთავსებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანიზებულ ალტერნატიულ არჩევნებს, მასში გამარჯვების ყველაზე რეალური შანსი სამხრეთ ოსეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს დიმიტრი სანაკოევს აქვს.


შუადღისთვის ცხინვალში და ერედვში განლაგებული ორივე საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, “ამომრჩეველთა აქტივობა მაღალი“ იყო.


იმ ინფორმაციის მიხედვით, რასაც ქართული და ოსური მხარეები ამ დროისთვის ავრცელებენ, კონფლიქტის ზონაში დაძაბულობის ნიშნები არ შეინიშნება.


ევროკავშირმა, აშშ-მ და ნატომ უკვე დაგმეს თვითგამოცხადებულ რეგიონში საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი.


მოსკოვს ანალოგიური განცადება არ გაუკეთებია.


მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების რეაქციისა სამხრეთ ოსეთში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შედეგები გახდება “ინდიკატორი სამხრეთ ოსეთის ხალხის განწყობისა, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას რეალურ პოლიტიკაში,“ – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტრომ 10 ნოემბერს.


თუმცა, მოსკოვმა დაგმო ე.წ. ალტერნატიული არჩევნები, როგორც თბილისის მიერ სამხრეთ ოსეთში “ალტერნატიული მთავრობის“ შექმნის მცდელობა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააფრთხილა თბილისი, რომ ამან “შესაძლოა სამხედრო კონფრონტაცია“ გამოიწვიოს.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმი თბილისის ცხინვალისადმი აგრესიულ პოლიტიკაზე პასუხია .


12 ნოემბერს EuroNews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა თბილისის მზადყოფნას სეპარატისტული კონფლიქტები მშვიდობიანი გზით მოაგვაროს.


“ბოლო დროს რუსული მხარე ისე წარმოგვაჩენს, თითქოს ჩვენ ომის დაწყება გვსურს. მოსკოვის ბოლო დროინდელმა რიტორიკამ და ქმედებებმა მიგვიყვანა იმ დასკვნამდე, რომ სწორედ ისინი ემზადებიან ომისთვის. სწორედ ამიტომაა საჭირო ამ პრობლემის მოგვარება, ომი თავიდან უნდა იქნას აცილებული” – განაცხადა ნოღაიდელმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button