ახალი ამბები

ცხინვალის განცხადებით, ‘ალტერნატიული არჩევნები’ დაძაბულობას იწვევს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1 ნოემბერს განაცხადა, რომ ე.წ ალტენატიული საპრეზიდენტო არჩევნები და რეფერენდუმი, რომელიც სეპარატისტების მიერ 12 ნოემბერს დაგეგმილი არჩევნების პარალელურად ტარდება, მართულია საქართველოს ხელისუფლების მიერ და მიზნად ისახავს რეგიონში დაძაბულობის ესკალაციას.


ე.წ ალტერნატიულ არჩევნებს ატარებს “ოსთა ხსნის კავშირი“, რომელიც აერთიანებს სეპარატისტული ხელისუფლების მოწინააღმდეგე ძალებს. ოფიციალური თბილისი არცერთ არჩევნებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ორივე მათგანი არალეგიტიმურია. მაგრამ ცხინვალში ამბობენ, რომ ალტერნატიული არჩევნების უკან თბილისი დგას, რომელიც “მარიონეტული მთავრობის“ შექმნას ცდილობს.


“როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც არანაირი ბერკეტი არ აქვს გავლენა იქონიოს არჩევნების მომზადების პროცესზე ან მის შედეგებზე, ცდილობს ზეგავლენა ყველა შესაძლო ზომის გამოყენებით მოახდინოს“, – იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი დე ფაქტო საგარეო უწყებაზე დაყრდნობით.


თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრი დიმიტრი სანაკოევი იმ ხუთ კანდიდატს შორისაა, რომელიც ალტერნატიულ საპრეზიდენტო არჩევნებში დარეგისტრირდა. მან თავისი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში 1 ნოემბერს ახალგორის მოსახლეობასთან გამართა შეხვედრა. ახალგორი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში შედიოდა, თუმცა ახლა საქართველოს ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button