skip to content
ახალი ამბები

დეპუტატი კობა დავითაშვილის ქმედებებში კანონდარღვევის ნიშნებს ხედავს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, მისი ყოფილი კოლეგის და ამაჟამად თბილისის საკრებულოს წევრის კობა დავითაშვილის ქმედებებში კანონის დარღვევის ნიშნები არსებობს, რითიც შესაბამისი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.


12 ოქტომბერს ქართულმა ტელეკომპანიებმა გამოაქვეყნეს ფარული ვიდეო–ჩანაწერი, სადაც კონსერვატიული პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი პიროვნებისაგან თანხას იღებს. დავითაშვილმა 12 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ მან მართლაც აიღო 20 ათასი დოლარი პარტიის ფინანსური შემოწირულობის სახით.


მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის თანახმად, ფიზიკური პირისაგან პარტიის მიერ მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების მოცულობა წელიწადში არ უნდა აღემატებოდეს 30 000 ლარს. ანგარიშწორების სახე კი საბანკო უნდა იყოს.


“თუ ეს პარტიული შემოწირულობა იყო, მაშინ კანონი დარღვეულია და ამით იუსტიციის სამინისტრო უნდა დაინტერესდეს, თუ საარჩევნო ფონდის თანხა იყო, ამაზე რეაგირება ცესკო–მ უნდა მოახდინოს. ამასთან, დარღვეულია ფულის გათეთრებისა და ფულადი მიმოქცევის შესახებ არსებული კანონები და რეგულაციები, რომლის მიხედვითაც 15 ათას ლარს ზევით ყველა ფინანსური ოპერაცია ფინანსური მონიტორინგის სამსახურის კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს. ეს ორგანოები თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავად უნდა დაინტერესდნენ ამ ფაქტის შესწავლით და თუ გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, მხოლოდ ამის შემდეგ მიმართონ პროკურატურას“, – განუცხადა „სივილ ჯორჯიას“ ლევამ ბეჟაშვილმა.


მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კობა დავითაშვილის ქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button