skip to content
ახალი ამბები

ხელისუფლება მიესალმება არჩევნებს, ოპოზიცია კი პრეტენზიებს გამოთქვამს

ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე გამოთქვა პრეტენზიები იმის თაობაზე, რომ საარჩევნო პროცესის დროს “სერიოზული დარღვევები“ მოხდა, თუმცა ოფიციალური პირები მათ “უსაფუძვლო განცხადებების“ გაკეთებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.


ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ცნობით, 5 საათისთვის თბილისის ამომრჩეველთა 28,81%-მა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო დანარჩენ საქართველოში  – 40,3%-მა.


“შემიძლია განვაცხადო, რომ ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია და  არჩევნები საქართველოში მაღალი სტანდარტებით ჩატარდა“, – განაცხადა ცესკო–ს თავმჯდომარემ გურამ ჩალაგაშვილმა.


თუმცა, რესპუბლიკური და კონსერვატორული პარტიების კოალიციის წარმომადგენლებმა უკვე გამოთქვეს პრეტენზიები ამომრჩეველთა სიებში არსებული უზუსტობების თაობაზე, სადაც გარდაცვლილთა გვარები იყო შეტანილი. დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა კონსერვატორებიდან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თბილისის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში გარდაცვლილი ადამიანების ორი ხმა გამოიყენეს.


ცესკო-ს თავმჯდომარემ გურამ ჩალაგაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იგი რამდენიმე საარჩევნო უბანს ეწვია ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად და”იქ ვნახეთ, რომ [ძიძიგურის მიერ დასახელებული] გვარების გასწვრივ ხელმოწერა არ იყო“.


“ამრიგად, ეს განცხადებები აბსოლუტურად უსაფუძვლო გამოდგა“, – დასძინა ჩალაგაშვილმა.


მან ასევე აღნიშნა, რომ სერიოზული დარღვევა დაფიქსირდა თბილისში, ვაკის ოლქში. “საარჩევნო უბნის წევრებმა შემაჯამებელ ოქმს ჯერ კიდევ უბნის დახურვამდე მოაწერეს ხელი; ისინი უბნის არჩევნების შედეგებზე ჯერ კიდევ არჩევნების დასრულებამდე შეთანხმდნენ, რაც უზარმაზარი დარღვევაა. ამ უბნის ყველა წევრი სამსახურიდან იქნება გათავისუფლებული“, – განაცხადა ჩალაგაშვილმა.


ოპოზიციური ლეიბორისტული პარტია ასევე აცხადებდა, რომ საარჩევნო პროცესში უამრავი დარღვევა დაფიქრისდა, ძირითადად საარჩევნო სიებთან დაკავშირებით.


“უნდა დაველოდოთ არჩევნების შედეგებს, დამკვირვებელების შეფასებებს, საარჩევნო ადმინისტრაციების განცხადებებს, ყველა ცალკეულ ყურით მოთრეულ განცხადებებზე არ ღირს კომენტარის კეთება. მთავარია, რომ არჩევნები მიდის მშვიდ გარემოში და ნებისმიერი დარღვევა, რომელიც დაფიქსირდება და იქნება დადასტურებული აუცილებლად უნდა გახდეს შესაბამისი რეაგირების საგანი“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი არველაძემ. 


თბილისის თითოეულ უბანში ვიდეოკამერებია დამონტაჟებული, რომლის საშუალებითაც საარჩევნო პროცესი იწერება. ოფიციალური პირების განცხადებით, ამ ჩანაწერის ნახვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება.

5 ოქტომბერს ამომრჩეველი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს  – საკრებულოებს – აირჩევს შერეულ მაჟორიტარულ-პროპორციული წესით. 
 
ცესკო–ს მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 3 005–ვე საარჩევნო უბანი დილის 8 საათზე გაიხსნა, მათ შორის ზემო კოდორის ხეობაში და ცხინვალის რეგიონის  ქართულ სოფლებში.   
 
მოსალოდნელია, რომ ცესკო არჩევნების წინასწარ შედეგებს ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, შუაღამისას გამოაქვეყნებს.

69 საკრებულოში 1 736 მანდატისთვის ექვსი პოლიტიკური სუბიექტი – მმართველი პარტია და ხუთი ოპოზიციური გაერთიანება იბრძოლებს.
 
თუმცა, საქართველოს მასშტაბით 1 025 მაჟორიტარული ადგილიდან 282, ხოლო 69 პროპორციული ადგილიდან 6 კონკურენტგარეშეა, რადგანაც იქ მხოლოდ ერთი კანდიდატი ან პარტიული სიაა წარდგენილი – უმეტესად მმართველი პარტიიდან. 
 
ოთხი ძირითადი ოპოზიციური სუბიექტი (მრეწველები, ლეიბორისტული პარტია, საქართველოს გზა და რესპუბლიკელების და კონსერვატორების საარჩევნო ბლოკი) ადგილობრივ არჩევნებში დამოუკიდებლად იღებენ მონაწილეობას, რაც, როგორც მოსალოდნელია, მმართველ პარტიას ქვეყნის მასშტაბით საკრებულოს მანდატების უმეტესობის მოპოვებაში დაეხმარება. 
 
ერთის მხრივ, ეს არჩევნები აღიქმება როგორც სააკაშვილის ადმინისტრაციის დემოკრატიაში გამოცდა; მეორეს მხრივ, კი არჩევნებმა ხელისუფლების პოპულარულობის დონე უნდა განსაზღვროს.


მიმომხილველების უმეტესობა მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის წარმატება იმ შემთხვევაში დაიჩრდილება, თუ ოთხი ოპოზიციური პარტიისთვის მიცემული ხმების საერთო რაოდენობა ნაციონალური მოძრაობისთვის მიცემულ ხმებს გაუთანაბრდება.  
 
წინასაარჩევნო კამპანიის ეპიცენტრი საქართველოს დედაქალაქი იყო, სადაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის (ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით 3 201 168) დაახლოებით ერთი-მესამედი ცხოვრობს. 
 
თბილისში 37-წევრიანი საკრებულო აირჩევა, რომელიც შემდეგ თავისივე შემადგენლობიდან  დედაქალაქის მერს აირჩევს. 
 
ამ თანამდებობისთვის  ხუთი კანდიდატი იბრძვის: ამჟამინდელი მერი გიგი უგულავა, საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, მრეწველთა ლიდერი გოგი თოფაძე და კობა დავითაშვილი საარჩევნო ბლოკიდან „დავითაშვილი, ხიდაშელი, ბერძენიშვილი“.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button