ახალი ამბები

ოთხი რუსი ოფიცერი საქართველომ ტერიტორიიდან გააძევა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გაიმართა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ოთხი რუსი ოფიცრის ეუთოსთვის გადაცემის ცერემონია, რომელსაც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე კარელ დე გუხტი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. 


რუსეთის სამხედრო დაზვერვის პოლკოვნიკს ალექსანდრე სავვას,  ვიცე-პოლკოვნიკს  დიმიტრი კაზანცევს,  ვიცე-პოლკოვნიკს ალექსეი ზავგოროდნის და ალექსანდრე ბარანოვს, რომელთაც ხელბორკილები ედოთ, საჯაროდ წაეკითხათ გენპროკურატურის ეზოში ბრალდება საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობასთან დაკავშირებით. ეს პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.


“თქვენ ბრალი გედებათ საქართველოს წინააღმდეგ ჯაშუშობაში – დანაშაულში, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი ნაწილის 314 მუხლი, ამის გამო თქვენ გაძევებული ხართ ქვეყნიდან და ამ მომენტიდან თქვენ გეკრძალებათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა“, – განუცხადეს თითოეულ ეჭვმიტანილს.


ამის შემდეგ რუსი ოფიცრების ეუთოსთვის გადაცემის შესახებ ოფიციალურად განუცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ კარელ დე გუხტს და დაკავებულები გაამგზავრეს ეუთოს მანქანებით აეროპორტისაკენ, სადაც მათ რუსეთის საგანგებო სიტუაციების თვითმფრინავი ელოდებათ, რომელიც თბილისში 2 ოქტომბერს ჩამოფრინდა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button