skip to content
ახალი ამბები

სავალუტო ფონდმა საქართველოს 20 მილიონიანი ტრანში გამოუყო

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) აღმასრულებელმა საბჭომ 29 სექტემბერს საქართველოს “სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის“ ფარგლებში  20,7 მილიონი აშშ დოლარის ტრანში გამოუყო, იტყობინება სსფ 29 სექტემბერს.  


სამწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოსთვის 145 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, სსფ-მ 2004 წელს დაამტკიცა.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ ტაკატოში კატომ განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკა კარგად ვითარდება და მიესალმა მთავრობის მცდელობას გააუმჯობესოს ბიზნეს–გარემო. იგი ასევე მიესალმა “სავაჭრო რეჟიმის თამამ ლიბერალიზაციას“.


ტაკატოში კატომ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ეკონომიკური პროგრამა 2006 წლის დარჩენილი პერიოდისთვის და 2007 წლისათვის ითვალისწინებს ინფლაციის დონის დაბრუნებას ერთნიშნა მაჩვენებელზე. აგვისტოში სსფ–მ განაცხადა, რომ საქართველოში ინფლაცია ივლისის ბოლოს 14,5%-მდე გაიზარდა, რაც დაგეგმილ მაჩვენებელზე საკმაოდ მაღალია და “სერიოზულ საფრთხეს უქმნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას“. 


“საქართველოს 2007 წლის ბიუჯეტის თანახმად, ფისკალური დეფიციტი მშპ-ს 2%-მდე შემცირდება, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკი შეზღუდავს ინტერვენციებს უცხოურ სავალუტი ბაზარზე და ფასების სტაბილურობას თავისი პოლიტიკის მთავარ მიზნად აქცევს.მთავრობა და ეროვნული ბანკი, საჭიროების შემთხვევაში, მზად უნდა იყვნენ გაამკაცრონ ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ამჟამად გათვალისწინებულთან შედარებით“, – განაცხადა ტაკატოში კატომ.     

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button