skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციური “დემოკრატიული ფრონტი“ ქვეყნის შიგნით კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციის “დემოკრატიული ფრონტის“ წარმომადგენლებმა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი ოფიცრების დაკავების გამო რუსეთ–საქართველოს შორის უკიდურესად დაძაბულ სიტუაციაში ქვეყნის შიგნით ერთიანობისაკენ მოუწოდეს.


“ეს არ არის მიმართული მარტო საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, ამას ჩვენ აღვიქვამთ, როგორც საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას და მუქარას მთელი ქართველი ხალხის მიმართ და ამ პირობებში ყველას მოვუწოდებთ კონსოლიდაციისკენ და ერთიანობისკენ, რათა არავის არ მივცეთ რუსეთში და საქართველოს ფარგლებს გარეთ იმის საფუძველი, რომ დაიწყოს სპეკულაციები შიდა დაპირისპირების თაობაზე“, – განაცხადა “დემოკრატიული ფრონტის“ წევრმა, დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.


ფრაქციის წევრის გია თორთლაძის განცხადებით, ჯაშუშური საქმიანობა ყოველთვის აღკვეთილი იქნება საქართველოში, “მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ქვეყნის სათავეში“. 


“საქართველოს ტერიტორიის გაწმენდა გრუ–ს თანამშრომლებისაგან უნდა იქნას განხილული უფრო ფართო  – საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის კონტექსტში და ბუნებრივია ამ ჯარს უნდა მიჰყვეს რუსეთის ის აგენტურაც, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში მუშაობდა ყოველგვარი პრობლემების გარეშე“, – განაცხადა 29 სექტემბერს პრესკონფერენციაზე დეპუტატმა რესპუბლიკური პარტიიდან ივლიანე ხაინდრავამ. 


ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოუწოდა პოლიტიკურ ძალებს “ძირითადი თემების” ირგვლივ კონსოლიდაციისაკენ.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button