ახალი ამბები

პატარკაციშვილი არჩევნებში მონაწილეობისაგან თავს იკავებს, მემარჯვენეები კი ბოიკოტს აცხადებენ

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ 11 სექტემბერს განაცხადა, რომ მისი პარტია 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, რადგან ბადრი პატარკაციშვილმა თავი შეიკავა არჩევნებში მონაწილეობისაგან.


ბადრი პატარკაციშვილთან ახალი მემარჯვენეები ბოლო პერიოდში ინტენსიურ კონსულტაციებს მართავდნენ, რათა დაერწმუნებინათ გავლენიანი ბიზნესმენი მათი პარტიის სახელით კენჭი ეყარა თბილისის მერობის კანდიდატად.


“ბადრი პატარკაციშვილმა გადაწყვიტა, რომ იმ დროს, როცა პრაქტიკულად არის ცაიტნოტი, როდესაც კანონმდებლობა თავიდან ბოლომდე მორგებლია ხელისუფლების ინტერესებზე და პოლიტიკურ თაღლითობასთან გვაქვს საქმე, არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში“, – განაცხადა დავით გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.


პატარკაციშვილთან კონსულტაციების შედეგიდან გამომდინარე ახალი მემარჯვენეებიც უარს აცხადებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე.


“ჩვენ თავიდანვე მომხრე ვიყავით ოპოზიციის ერთიანი ბოიკოტისა, ხოლო თუ იქნებოდა მონაწილეობაზე საუბარი, ამ მონაწილეობას აზრი ჰქონდა მხოლოდ არაორდინალური და განსხვავებული კანდიდატების და სცენარების შემთხვევაში“, – აცხადებს გამყრელიძე.


მისი თქმით, შექმნილ “კრიზისულ ვითარებაში“ ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button