skip to content
ახალი ამბები

გაზეთის ცნობით, ოპოზიცია მერობის ერთიან კანდიდატზე მსჯელობს

ქართული მედია იტყობინება 7 აგვისტოს, რომ მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები შვიდ ოპოზიციურ პარტიას შორის თბილისის მერობის ერთობლივი კანდიდატის შეთანხმების მიზნით, რომელიც მმართველი პარტიის კანდიდატურას, თბილისის მოქმედ მერს გიგი უგულავას გაუწევს კონკურენციას შემოდგომაზე დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებზე. 


გაზეთი “რეზონანსი“ წერს, რომ ახალი მემარჯვენეები ცდილობენ დაარწმუნონ სხვა ოპოზიციური ლიდერები მერობის კანდიდატად გავლენიანი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი დაასახელონ.


კონსულტაციების დროს ოპოზიციურმა პარტიებმა ასევე განიხილეს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას კანდიდატურაც.


თუმცა, გაზეთი “24 საათი“ იტყობინება ხაინდრავას სიტყვებზე დაყრდნობით, რომ საუბარი მის კანდიდატურაზე “არასერიოზულია“.


დეპუტატმა მამუკა კაციტაძემ ახალი მემარჯვენეებიდან “რეზონანსს” განუცხადა, რომ კონსერვატორებს თავიანთი ლიდერის კობა დავითაშვილის დასახელება სურთ; რესპუბლიკურ პარტიას თავისი ერთ-ერთი ლიდერის თინა ხიდაშელის წარდგენა, ხოლო მრეწველები თავიანთი ლიდერის გოგი თოფაძის კანდიდატურას უჭერენ მხარს.


ლეიბორისტული პარტია, პარტია თავისუფლება და სახალხო ფორუმი არჩევნების ბოიკოტირებას გეგმავენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.


ირაკლი მელაშვილმა სახალხო ფორუმიდან “რეზონანსს” განუცხადა, რომ “საკმაოდ რთულია შვიდი ოპოზიციური პარტიისათვის ერთიანი კანდიდატურა დაასახელონ“.


ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორმა პოლიტიკოსმა განაცხადა საჯაროდ, რომ თბილისის მერის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას: გიგი უგულავა, თბილისის მერი და სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და ოპოზიციური პარტია საქართველოს გზის ლიდერი. ამ უკანასკნელმა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან გაერთიანებაზე უარი განაცხადა.        

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button