ახალი ამბები

ოპოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს

შვიდი ოპოზიციური პარტია – კონსერვატორები, ახალი მემარჯვენეები, რესპუბლიკელები, მრეწველები, ლეიბორისტული პარტია, პარტია თავისუფლება და სახალხო ფორუმი – ადგილობრივი თვითმმართველობის  მოახლოებულ არჩევნებში მოქმედების ტაქტიკაზე კონსულტაციებს მართავენ.


“ჩვენ ჯერ არ გადაგვიწყვეტია ბლოკს შევქმნით და ერთობლივად მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, თუ არა. ის ფაქტი, რომ მიმდინარეობს კონსულტაციები, უკვე პოზიტიურია. რადგანაც ჯერ არჩევნების დღე არ არის დანიშნული, ჩვენ ჯერ რაიმე კონკრეტული შეთანხმების მიღებისგან თავს ვიკავებთ, ჯერ დრო გვაქვს“, – განუცხადა ახალი მემარჯვენეების წევრმა მამუკა კაციტაძემ ჟურნალისტებს 5 აგვისტოს.


გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ოპოზიციური პარტია, მათ შორის ლეიბორისტული პარტია, პარტია თავისუფლება და სახალხო ფორუმი არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ არსებული საარჩევნო კოდექსის გამო.


საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების კონსულტაციებში არ მონაწილეობს, რადგანაც მისი თქმით, საქართველოს გზა არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. ზურაბიშვილმა უკვე დაიწყო 50 000 ხელმოწერის შეგროვება, რათა მისმა პარტიამ საარჩევნო რეგისტრაცია გაიაროს.


პრეზიდენტს არჩევნების დღე ჯერ არ გამოუცხადებია.


სააკაშვილმა აპრილში განაცხადა, რომ ადგილობრივი არჩევნები დაახლოებით ნოემბერში ჩატარდება. თუმცა ივნისში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არ ჩქარობს არჩევნების დღის დანიშვნას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button